შაჰინი: "უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ ქართველებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში უკეთ"
23/03/2023 08:44:09 პოლიტიკა
სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოშ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ევროპული მომავლის ერთგულია და აშშ–მა უნდა იფიქროს, როგორ დავეხმაროს უკეთ მათ ამ მიზნის მიღწევაში.
"როცა ვუყურებთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, იმედგაცრუებული ვარ მთავრობის მიერ დემოკრატიის კუთხით უკუსვლის გამო, თუმცა ძალიან ნათელია, რომ ხალხი ერთგულია ევროპისა და NATO-ს მომავლის. უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ უკეთ მათ ამ მიზნის მიღწევაში. ჩვენმა ელჩმა დეგნანმა ბრწყინვალე საქმე გააკეთა, თუმცა როგორც აღვნიშნე, უნდა ვიფიქროთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ოფისზე რეგიონში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალი აქვს და ეს მნიშვნელოვანი იქნება”,-აცხადებს შაჰინი.
ამასთან, მან საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება:
"თებერვლის ბოლოს რეგიონში ვიყავი, კონკრეტულად კი რუმინეთსა და საქართველოში. მნიშვნელოვანია, ამ რეგიონზე უფრო კომპლექსურად დავიწყოთ ფიქრი და ასევე შევხედოთ ეკონომიკურ პოტენციალს. საქართველოში არის შუა დერეფანი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა რუსეთის ენერგეტიკული საკითხი მოაგვარო".


