კალაძე კვლავ იმეორებს, რომ მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენებისა და უვიზო მიმოსვლის აღდგენას
23/03/2023 09:27:44 პოლიტიკა
მმართველი პარტიის გენმდივნი, თბილისის მერი კახა კალაძე კვლავ იმეორებს, რომ მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენებისა და უვიზო მიმოსვლის აღდგენას.
„თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, -განაცხადა კალაძემ.
- 22 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ "რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების პირას არიან".
- დღეს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში "აქცენტს" გაუცხადეს, რომ "ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის".
როგორც "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა, "რუსეთთან ფრენების აღდგენას შესაძლოა, პროცესში ჩართული კომპანიების დასანქცირება მოჰყვეს":
"ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, კრძალავს რუსული თვითმფრინავების შესვლას თავიანთ საჰაერო სივრცეში. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ჩვენ შეშფოთებულები ვიქნებით, რადგან საქართველოს აეროპორტების კომპანიებს შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ, თუ თუ ისინი მოემსახურებიან იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის".
ცნობისთვის: მიმინარე წლი 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის უსწრაფესი აღდგენის იმედი აქვს.
- მოსკოვის ინიციატივას საქართველოს მმართველი პატიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.
მოსკოვის ამ ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არგუმენტად კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე. ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა, ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.
საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ უკვე გააფრთხილეს.


