მედია – ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ
23/03/2023 13:03:15 პოლიტიკა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა, ვრცელდება.
ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და გიორგი ხელაშვილი ის დეპუტატები არიან, რომლებმაც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის დატოვების სურვილი შესახებ 19 მარტს განაცხადა.
"მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვიყავი ჯარში. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი. ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ალბათ, საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩემი მხრიდან მიღებული, ესეც არ მაძლევს იმის უფლებას და საშუალებას, დავრჩე პარლამენტში, ესეც არის ჩემი გარკვეული შინაგან გამოძახილი, ხმის არმიცემას ვგულისხმობ. მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. მქონდა კომუნიკაციები, ყველამ იცის ჩემი პოზიცია, თუმცა ვნახოთ, არის რაღაც, რაც საჭიროებს დამატებით განხილვას", -აცხადებდა ჩაჩიბაია.


