„ძალიან რთული და სახიფათო თემა „ჩამოკიდეს!“: სამნიძე მმართველ გუნდს სუს–ის ანგარიშს ახსენებს
23/03/2023 16:01:05 პოლიტიკა
„რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებს, რომ ძალიან სახიფათო თემა „ჩამოკიდა ჰაერში“, რაც ქვეყანას შესაძლოა, ძალიან ცუდად მოუტრიალდეს. მას მხედველობაში აქვს დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. სამნიძის თქმით, გარდა დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა, მას და ტარიელ ნაკაიძეს უწოდეს აგენტები, „ორივენი ერთი ქვეყნის აგენტები ხართ და იცით, რომლისაცო“, ხოლო დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ისე რომ დეტალები არ დაუზუსტებია, განაცხადა, რომ დეპუტატ ნაკაიძეს საეჭვო რეპუტაცია აქვს და რომ "კუთხეში უნდა იდგეს".
სამნიძის შეფასებით, კობახიძის „ძალიან სახიფათო განცხადება შესაძლოა, შუღლის გაღვივებასაც ემსახურებოდეს“, რადგან საუბარია „რელიგიურ უმცირესობაზე, კუთხურობაზე“.
ის მმართველ გუნდს მოუწოდებს, „ვინაიდან ხელისუფლებაში არიან, თითოეულ მათ სიტყვას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და განსაკუთრებული რეაქცია შესაძლოა, მოჰყვეს“, ამიტომ, ფრთხილად უნდა მიუდგნენ თემას.
„დღეს უკვე კობახიძის განცხადება არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელმაც პირდაპირ უთხრა საზოგადოებას, ის [ნაკაიძე] რომ წარმოადგენს მუსლიმ ქართველებს და მუშაობს მუსლიმი ქართველების უფლებების დასაცავად, აქვს საეჭვო რეპუტაცია და თურმე კუთხეში უნდა დადგეს. არ ვიცი, იაზრებს თუ არა, მაგრამ მისი განცხადება ნიშნავდა, რომ მთელი მუსლიმი ქართველობა კუთხეში უნდა დადგეს და არ უნდა იყვნენ თანასწორი მოქალაქეები. ამას აქვს სხვა კონტაქტიც და ეს ძალიან სახიფათოა: „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ძალიან რთული თემა „ჩამოკიდა“, რომელიც ნებისმიერ დროს შეძლება, აფეთქდეს და ძალიან ცუდად მოუტრიალდეს ქვეყანას იმის გათვალისწინებით, რომ სუს–ის ანგარიშებში პირდაპირ წერია – უცხო ქვეყნის ინტერესია ამ ქვეყანაში კუთხური, რელიგიური შუღლი გაღვივდეს და გამოიყენოს სათავისოდ. ასეთ ვითარებაში ბატონი კობახიძე ლაპარაკობს იმაზე, რომ თურმე მუსლიმი ქართველების წარმომადგენელი საეჭვო რეპუტაციისაა და მას არაფერი აქვს ხელში, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს ამ ადამიანის. [...]აქ არის კუთხურობის კონტექსტი“,– თქვა სამნიძემ.


