ხაბეიშვილი – სააკაშვილის „ფიზიკურად გამოხსნაზე“: „უკაცრავად, მაგრამ მე ვთქვი, „ფიზიკურად მზად ვართ ბრძოლისთვის-მეთქი“
23/03/2023 19:17:27 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა უარყო საკუთარი განცხადება საჭიროების შემთხვევაში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ გამოხსნასთან დაკავშირებით და „ფორმულას“ ტელეწამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი ამ საკითხზე კითხვის დასმის გამო „ქოცური ნარატივის“ გავრცელებაში დაადანაშაულა. კერძოდ, ჟურნალიტი დაინტერესდა „გვახსოვს, როცა იყრიდით კენჭს პარტიის თვამჯდომარის პოზიციაზე, ამბობდით, რომ პარტიის მენეჯმენტის ცვლილებით ეს საკითხი გააქტიურდებოდა და სააკაშვილის ფიზიკურ გამოხსნასაც კი აანონსებდით, „თუკი ამისი აუცილებლობა იქნებაო“. ახერხებთ თუ არა ამ დაპირების შესრულებას? ფიზიკურ გამოხსნაზე არ მაქვს საუბარი. ზოგადად, ამ საკითხში აქტიურობას ისეთ დონეზე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს სხვა გზა, თუ არა სწორი გადაწყვეტილების მიღების“.
„ფიზიკურ გამოხსნასთან დაკავშირებით, უკაცრავად, მაგრამ მე ვთქვი, რომ ფიზიკურად მზად ვართ ბრძოლისთვის-მეთქი. თუ გინახავთ ლევან ხაბეიშვილს ოდესმე უკან დაეხიოს, ესეც მომიყევით და ამ ქოცურ ნარატივს ნუ აყვებით!. უხერხულია, მუდმივად საუბრობდეთ და კითხვას სვამდეს იმაზე, რომ თურმე ვიღაც ფიზიკურად გამოიხსნის ვინმეს.“
აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს შორის კამათი გაგრძელდა.
მიმდინარე წლის იანვარში, როცა ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობდა, ტვ „პირველის“ ეთერში თქვა, რომ ის უფრო აქტიური იქნებოდა სააკაშვილის გათავისუფლების საქმეში და რომ ფიზიკურადაც არ დაიხევდა უკან.
ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე, „შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს?“, ხაბეიშვილმა უპასუხა: „კი, თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებ. ნუ გგონიათ, რომ ამაზე არ წავალთ. აქ კონკრეტულად მიშა სააკაშვილის ბედზე კი არის საუბარი, საუბარია სააკაშვილის ბედსა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ“.


