კოლომინა – "აგენტების" კანონზე: "საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ ეს განზრახვა დასამარებულია"
23/03/2023 19:36:50 პოლიტიკა
ჩვენ დაგვარწმუნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ ეს განზრახვა არის დასამარებული,– განაცხადა "ფორმულასთან" ინტერვიუში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელი ხავიერ კოლომინამ.
მისი თქმით, პარტნიორებმა ურჩიეს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს, გაგრძელდეს რეფორმები რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც ევროკავშირმა და NATO-მ გასცეს:
"ჩვენთვის შემაშფოთებელია კანონი "უცხოეთის აგენტების" შესახებ, მასზე ჩვენ მკაფიო რეაგირება გვქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ცუდი ნაბიჯი თქვენი ქვეყნისგან, რომელიც თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ხელს არ შეუწყობდა, თუმცა პარლამენტმა, ხელისუფლების მხარდაჭერით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გამოიწვია კანონპროექტი. ჩვენ დაგვარწმუნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ ეს განზრახვა არის დასამარებული. ჩვენ მას ვურჩიეთ, გაგრძელდეს რეფორმები რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც ევროკავშირმა და NATO-მ გასცეს. დღეს ისევ მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბრუნოს რეფორმების გატარების ტემპი. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სასამართლო რეფორმა, ასევე, პოლიტიკური პოლარიზაცია და უსაფრთხოების სექტორი. არის სხვა რეფორმებიც, რომლებიც ნახსენები იყო რეკომენდაციებს შორის. ჩვენ ვრჩებით შეშფოთებული. გვესმის, რომ არის სირთულეები, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია გააუმჯობესოს მათი შესრულების როგორც ხარისხი, ასევე ტემპი",– თქვა ალიანსის წარმომადგენელმა. თარგმანი "ფორმულას" ეკუთვნის.


