ბერბოკი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა: "ვთხოვეთ, მხარი დაუჭიროს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ხალხს"
24/03/2023 07:04:29 პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა თქვა, რომ შეხვედრაზე ბერბოკს სთხოვეს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქართველ ხალხს აღუთქვას მხარდაჭერა, "რადგან დღეს ევროპული მისწრაფებებისთვის იბრძვის მხოლოდ ხალხი, ხელისუფლება კი პირიქით, საქმეს აფუჭებს".
"ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, განვიხილეთ რუსული კანონი და რა პროცესები იყო ამ კანონის ინიცირებამდე და შემდეგ. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებას უნდა ევროკავშირისგან სტატუსი და ვიმსახურებთ ამ სტატუსს, უნდა მივიღოთ ეს სტატუსი და ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რომ წლის ბოლოს სტატუსი მივიღოთ ევროკავშირისგან, მაგრამ ასევე გვჭირდება დასავლელი პარტნიორების დახმარება.
ჩვენ ვთხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ამ გზაზე მხარდაჭერა გამოუთქვას ჩვენს ხალხს, იმიტომ რომ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხია, ვინც იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლება, პირიქით, აფუჭებენ საქმეს. მთავარი, რაც ვთხოვეთ მათ, რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ ეს სტატუსი ქართველი ხალხისთვის, იმიტომ რომ ქართველი ხალხის ძალიან დიდი სურვილია, ეს მოხდეს. ქართველი ხალხი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის.
მისი მხრიდან მხარდაჭერაა ხალხის მიმართ, რომ ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ეძებენ გზებს, როგორ შევხვდეთ და როგორ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ სტატუსი მივიღოთ, ნამდვილად მათი მხრიდან მცდელობები არის, მათ შორის დახმარების და რეფორმების ჩატარების კუთხით. ამას ისინი გააგრძელებენ, რადგან ისინიც თვლიან, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. შესაბამისად, ეს იყო მისი მხრიდან. საერთო ჯამში, ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ "გერმანელ მინისტრს გაუზიარეს მათი შეფასებები და სურვილები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით".
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ აღნიშნა, რომ ანალენა ბერბოკი კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც შეხვედრის ხარისხზეც აისახა. დოლიძის თქმით, გერმანელ მინისტრს აინტერესებდა, რამდენად არის არასამთავრობო სექტორი ჩართული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში:
"ძირითადად ინტერესის საგანი იყო საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და კანდიდატის სტატუსის მოლოდინში 12 რეკომენდაციის შესრულება, რა ეტაპზეა ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესი და რა თქმა უნდა, ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რამდენად მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით რომ დღეს ქართველი ხალხი დგას ქუჩაში ევროპული არჩევანის დასაცავად. იყო ძალიან კარგი შეხვედრა იმიტომ, რომ მინისტრიც კარგად იყო ინფორმირებული და ფაქტობრივად გამოხატა მისი მხარდაჭერა და გვერდზე დგომა ქართველი ხალხის მიმართ ამ პროცესებში".
ცნობისთვის: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს წუხელ ეწვია და დღეს დატოვებს. იგი ამ წუთებში ხვდება საგარეოს საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს. ბერბოკი ასევე შეხვედრებს გამართავს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, შეხვედრები იგეგმება სხვა პოლიტიკოსებთან და სტუდენტებთან. იგი ასევე ესტუმრება საოკუპაციო ხაზს.


