საელჩო - ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე
24/03/2023 07:29:58 პოლიტიკა
ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფრომაციაშია აღნიშნული.
„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გუშინ საღამოს თბილისში ჩამოფრინდა. დღეს მინისტრს დატვირთული პროგრამის ფარგლებში ელოდება შეხვედრები მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მინისტრი ისაუბრებს სტუდენტებთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ. ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია: გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს წუხელ ეწვია და დღეს დატოვებს. მან თბილისში პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. იგი ამ წუთებში ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს. ბერბოკი ასევე შეხვედრებს გამართავს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, შეხვედრები იგეგმება სხვა პოლიტიკოსებთან და სტუდენტებთან. იგი ასევე ესტუმრება საოკუპაციო ხაზს.


