პრემიერი – 7-8 მარტის აქციების შესახებ: "ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა"
24/03/2023 08:21:00 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო თბილისში 7–8 მარტს გამართულ ფართომასშტაბიან აქციებს "ძალადობრივს" უწოდებს, რომელიც "ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია". ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ახლა, რამდენიმე ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული, მათი ახალგაზრდული ორგანიზებული, "ნაცმოძრაობის", "გირჩი - მეტი თავისუფლების", ე.წ ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები. გახსოვთ, რომ მათი მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმები, გახსოვთ, ყველამ კარგად ვნახეთ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების, ქვების სროლა პოლიციელების მიმართულებით და ა.შ. ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა", – განაცხადა პრემიერმა.


