ღარიბაშვილმა აქცია "შინ ევროპისკენ" და მარტის პროტესტი ქვეყანაში ომის დაწყების სურვილს დაუკავშირა
24/03/2023 09:02:07 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ხელისუფლების გონიერებით" ხსნის იმას, რომ ქვეყანაში ახლა "მეორე ფრონტი" არ არის გახსნილი. იგი დღეს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატით არის მისული ქვეყნის საფრთხეებზე სასაუბროდ - მისი თქმით, მთავრობას "ათას ცილს სწამებენ და ეძახიან პრორუსულს".
"დესტრუქციული-ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული და მანამდეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი] და მის გუნდს, ჩვენ ყველას დღემდე უწოდებდნენ "პრორუსულ ძალას". მე მინდა შევახსენო მათ და ჩვენს საზოგადოებას, რა შედეგი მოუტანა ამ ძალამ ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, მივაღწიეთ თავისუფალ მიმოსვლას ევროპაში, ჩვენი დამსახურებაა ჩვენი მოსახლეობა, არამხოლოდ ელიტა, გადაადგილდება ბარიერების გარეშე..." -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
იმის მიუხედავად, რომ იგი ხაზს უსვამდა მოქმედი ხელისუფლების წარმატებებს ევროინტეგრაციის გზაზე, აქციები, რომელიც მიზანიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო, "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილს დაუკავშირა.
"გახსოვთ კარგად აქციები "შინ ევროპოსკენ" და მათი გაცხადებული მიზანიც იყო ხელისუფლების შეცვლა. რა თქმა უნდა, მათი საბოლოო ამოცანა არის ომის დაწყება. ეს გეგმაც ჩაუვარდათ ჩვენ შიდა თუ გარე მტრებს. ბოლო მცდელობას შეგახსენებთ. ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული-რადიკალური-ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული ახალგაზრდული ორგანიზაციები - "ნაცმოძრაობის", "გირჩი - მეტი თავისუფლების", ე.წ. ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები... ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა", -განაცხადა ღარიბაშვილმა.


