დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით
24/03/2023 11:22:07 პოლიტიკა
საქართველო -რუსეთის ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით, რომელსაც ჩვენ ვეძახით „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს“, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანიის პირველ დიპლომატთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანული მედიის წარმომადგენლის კითხვას, რომელიც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობასა და რუსეთთან ფრენების განახლების შესახებ დაწყებულ საუბრებს შეეხებოდა.
დარჩიაშვილის განმარტებით, ჟენევის საერთაშორისო ფორმატი ერთადერთია, სადაც საქართველო მის პარტნიორებთან ერთად რუსულ მხარეს ჰუმანიტარულ საკითხებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე ესაუბრება.
„ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან ერთად კომუნიკაცია და სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში ვსაუბრობთ მთავარ მიმართულებაზე, ეს არის ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც ეხება მოქალაქეებს და მეორე, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოგვცეს კონკრეტული შედეგები",- განაცხადა მინისტრმა.
22 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ "რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების პირას არიან".დღეს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში "აქცენტს" გაუცხადეს, რომ "ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის".როგორც "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა, "რუსეთთან ფრენების აღდგენას შესაძლოა, პროცესში ჩართული კომპანიების დასანქცირება მოჰყვეს":
"ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, კრძალავს რუსული თვითმფრინავების შესვლას თავიანთ საჰაერო სივრცეში. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ჩვენ შეშფოთებულები ვიქნებით, რადგან საქართველოს აეროპორტების კომპანიებს შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ, თუ თუ ისინი მოემსახურებიან იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის".
ცნობისთვის: მიმინარე წლი 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის უსწრაფესი აღდგენის იმედი აქვს.
მოსკოვის ინიციატივას საქართველოს მმართველი პატიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.
მოსკოვის ამ ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არგუმენტად კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე. ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა, ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.
საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ უკვე გააფრთხილეს.


