Accentnews.ge
აქუბარდია – ღარიბაშვილს: "წინა კვირას იყო ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი კრემლში, ამაზე საჯარო პოზიცია არ დაგიფიქსირებიათ"

აქუბარდია – ღარიბაშვილს: "წინა კვირას იყო ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი კრემლში, ამაზე საჯარო პოზიცია არ დაგიფიქსირებიათ"

24/03/2023 11:00:48 პოლიტიკა

დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის არქონაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს უპასუხა. აქუბარდიას თქმით, თუკი მთავრობა ამისთვის უკრაინაში ომის დასრულებას ელოდება, ეს აფიქრებინებს, რომ [პრემიერი] დარწმუნებული არაა, ვინ მოიგებს ომს. ამის შესახებ დეპუტატმა პლენარულ სესიაზე ისაუბრა, რომელზეც პრემიერს ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ.

"თქვენ დღეს დაგვიანონსეთ, რომ არაფორმალურად იგეგმება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, პირდაპირ გვითხარით, რომ არ გვექნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გაწერილი იქამდე, სანამ ომი არ დასრულდება უკრიანაში. ეს მე მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, ერთის მხრივ, ვინ მოიგებს ამ ომს, მაშინ, როცა სრულიად დასავლეთი შეთანხმებული და გაერთიანებულია, რომ უკრიანა იცავს თავის სუვერენიტეტს... იმედია, კულუარულად მაინც გაქვთ ინფორმაცია, რაზე საუბრობს დასავლეთი, მიუხედავად იმისა, აქ წარმოაჩენთ, რომ არავინ იცის როგორ დასრულდება ომი, ომი როდის დასრულდება არ ვიცით, თუმცა დასრულდება უკრაინის გამარჯვებით",- მიმართა დეპუტატმა პრემიერს.

აქუბარდიამ, ასევე პრემიერის მისამართით განაცხადა, რომ მას თავის გამოსვლაში არ უსაუბრია რუსეთიდან მომდინარე განგრძობით საფრთხეებზე, რაც მიანიშნებს, რომ "კულისებში აქვს გარანტიები მიღებული":

"წინა კვირას იყო ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი კრემლში, ამაზე საჯარო პოზიცია არ დაგიფიქსირებიათ; თქვენს განცხადებებს როცა იწონებს, არამხოლოდ კრემლი, არამედ, დე ფაქტო ლიდერებიც კი მეორე ფრონტთან მიმართებით და ასევე არასდროს ახსენებთ აგრესორის სახელს, რუსეთს, არამხოლოდ აქ, არამედ საბჭოთა ოკუპაციის წლისთავზე. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ კულისებში გაქვთ რაღაც გარანტია მიღებული, ან არ ზრუნავთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამიტომ გითხარით, რომ თქვენ ქართული ოცნების უსაფრთხოებაზე გქონდათ საუბარი და არა ქვეყნის".

მანამდე, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა,ა სევე დეპუტატ აქუბარდიას პასუხად ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტზე და თქვა, რომ "დოკუმენტი კი არა, სწორი პოლიტიკა და ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა დაიცავს ქვეყანას". მისივე სიტყვებით, საფრთხეებს ვერ გამოკვეთენ, რადგან "არავინ იცის, როგორ დასრულდება უკრაინის ომი".

"ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგია და ასევე ვმუშაობთ აქტიურად კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკვე წინ წავედით და მიმდინარეობს უკვე უწყებებს შორის კოორდინაცია და გაცვლა უწყებებს შორის, გაზიარება.

ამაზე ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ ვინაიდან რეგიონში არის შეცვლილი ვითარება, უკრაინის ომის შედეგების პროგნოზირება თქვენ კი არა ქალბატონო თეონა და ჩვენ, დღეს დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია. ჩვენი პარტნიორები, ძალიან ბევრი განცხადება არსებობს ამის თაობაზე, დღეს ვერ ამბობენ გადაჭრით, თუ რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში. არავინ იცის, როგორ დასრულდება უკრაინის ომი და დღეს უნდათ ამ ადამიანებს, რომ ჩვენ გავაკეთოთ უსაფრთხოების კონცეფცია და გამოვკვეთოთ საფრთხეები. მე არ ვიცი რა საფრთხეები შეიძლება გამოიკვეთოს დამატებით ომის დასრულების შემდეგ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხისას.

მისი თქმით, დღეს ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი საფრთხე არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები:

"წარმოდგენა არ გაქვთ რეალურად რა გამოწვევების წინაშეა დღეს ქვეყანა. რუსეთი რომ ოკუპანტია ეს ფაქტი სახეზეა. რომ მეკითხებით რაღაცას, აღარც მინდა გავიმეორო თქვენი უაზრო შეკითხვები, მაგრამ მთავარი გამოწვევა, მთავარი პრობლემა მოხდა უკვე 2008 წელს. რუსეთმა დაიკავა და დღესაც აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს. დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა რაც არის ეს არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები, ქალბატონო აქუბარდია, რომ გესმოდეთ რაღაც ელემენტარული მაინც. ეს არის შიდა საფრთხეები".

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ინტერპელაციის წესით დაიბარეს პარლამენტში, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S