"ისმის ბრალდებები, თითქოს მე ახალგაზრდებს განზოგადებულად ვუწოდე სატანისტები, შეგნებულად არ მინდა, ამ 4–5 ახალგაზრდის იდენტიფიცირება მოვახდინო"
24/03/2023 13:51:15 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას "ახალგაზრდებისთვის განზოგადებულად არ უწოდება სატანისტები".
"ცრუ დემაგოგია არის რადიკალური ოპოზიციის ხელწერა. ძალიან ბევრჯერ ახსენეს ბრალდებები, თითქოს მე ახალგაზრდებს განზოგადებულად ვუწოდე სატანისტები და ასე შემდეგ. მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რამდენიმე ახალგაზრდა. შეგნებულად არ მინდა ახლა, რომ ამ 4–5 ახალგაზრდის იდენტიფიცირება მოვახდინო. მართლაც არანორმალურ შემთხვევებთან გვქონდა საქმე და ამის თაობაზე ინფორმაცია მივიღე პოლიციის სამსახურებიდან", – განაცხადა პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მან "ფრანკლინის კლუბის" წევრებს კიდევ ერთხელ უწოდა ანარქისტები.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მარტის აქციებოს დროს მათი წარმომადგენლების მხრიდან იყო "მოლოტოვის კოქტეილების" სროლა და ამის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს:
"საერთოდ, რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან? ეს არის სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა, მიდის ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა. მოსწავლეების, სტუდენტების, უკვე 2 ათასზე მეტი სტუდენტია მონაწილე ამ კლუბის. 1000-ზე მეტი ე.წ. ფრანკლინის კლუბის, ამ ანარქისტული კლუბის და არა ფრანკლინის, ეს არ არის ფრანკლინის კლუბი, ეს არის ანარქისტული მოძრაობის წევრები. 1000–ზე მეტი ანარქისტი ესწრებოდა 7–8 მარტის მოვლენებს. მათ ჰქონდათ კონკრეტული ინსტრუქციები მიცემული, როგორ უნდა მომხდარიყო პროვოკაციები, როგორ უნდა შესულიყვნენ კონფლიქტში პოლიციასთან, მათი წარმომადგენლების მხრიდან იყო "მოლოტოვის კოქტეილების" სროლა და ამის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება. ახლა გაიკვირვეს ჩვენმა ექსტრემისტებმა თითქოს ეს არის ინტელექტუალების კლუბი და აქ ახალგაზრდებს ასწავლიან დემოკრატიულ ღირებულებებს. აქ მიდის ჩვეულებრივი დამუშავება სპეცსამსაურების".
ამასთან, იგი "მკაცრი რეაგირებით" დაემუქრა ყველას, ვინც "ახალგაზრდა, ჯანსაღ თაობას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებენ":
სამწუხაროდ, ამ კლუბის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, მინდა გავაფრთხილო ამ ტრიბუნიდან ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი, ვინც ამ ანარქისტულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოძრაობაში მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენს ახალგაზრდა, ჯანსაღ თაობას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებენ , რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება".
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც მმართველ პარტიას ხალხმრავალი აქციების შედეგად ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა მოუწია, ხელისუფლების წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ბრალდებებს აჟღერებდნენ. მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მარტს თქვა:
"მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეს დაიწყო ეგრეთ წოდებულმა "გირჩის" მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და "ფრანკლინის კლუბის" ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს... ეს არის შემაშფოთებელი. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია".
„ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეზი თოფურია "რადიო თავისუფლებასთან" იხსენებს, რომ მედიაში, კლუბის საწინააღმდეგო, პირველი დეზინფორმაციული შინაარსის განცხადებები, გასული წლის ნოემბერში გამოჩნდა: გამოცემა „ასავალ-დასავალი“ კლუბს „მასონთა ლოჟად“ მოიხსენიებდა. ამას მოჰყვა ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ „ფრანკლინის კლუბს“ 100-მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა. ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი მეწილე (და ლექტორი) მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაა. ხოლო თავად უნივერსიტეტი „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფინანსებელი - გარდა იმისა, რომ კლუბის წევრებისთვის უფასოა აუდიტორიები, უნივერსიტეტი ლექტორების ჰონორარსაც იხდის.
21 მარტს "ფრანკლინის კლუბმა" განაცხადა, რომ "საქართველოს უნივერსიტეტთან" თანამშრომლობას წყვეტს. კლუბი განმარტავს, რომ მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ხელისუფლება აქტიურად იყენებს "საქართველოს უნივერსიტეტზე" სრულიად უსამართლო თავდასხმებისთვის.


