ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობა დგას ქვეყნის და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანა გადარჩეს

24-03-2023 18:11:59 პოლიტიკა

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აღარ გვესწრება მაშინ, როცა მათი მოწვევით მოვედი დღეს პარლამენტში. აქაც გამოჩნდა მათი ევროპულობა, როგორი ხელწერა აქვთ. მადლობა ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ახლა დარბაზში იმყოფებიან. მინდა, კიდევ ერთხელ შევაჯამო დღევანდელი დღე. ვფიქრობ, სასარგებლო იყო და ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, თუ სად დგას ჩვენი მთავრობა", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, "საქართველოს მთავრობა ქვეყნის და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას".

„ჩვენი მთავრობა დგას ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანა გადარჩეს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა. მეორე, მე მინდა, ძალიან მოკლედ შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბოლო ორი წელია გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა 2 წლის წინ, შარშანაც. ბიუჯეტის დეფიციტი 9,3% იყო, რომელიც დღეს არის 2,8%. შედარებისთვის მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ 2020 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო 50 მილიარდი ლარი, წელს იქნება 80 მილიარდი ლარი. ეს არის 30 მილიარდიანი ზრდა, სულ რაღაც 2-3 წელიწადში. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით პერ კაპიტა გამოდის 8 000 დოლარამდე, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნახტომია და ძალიან დიდი პროგრესია. სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ლარი არის გამყარებული და სტაბილური. ზოგადად, ამ ორ წელში 220 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამით ნათქვამია, რომ სტაბილურობას მოაქვს კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის. ჩვენს სწორ, გონივრულ პოლიტიკას მოაქვს ეს შედეგები, კეთილდღეობა. მოაქვს ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი საშუალება გვაქვს დავაფინანსოთ ინფრასტრუქტურა, სკოლების მშენებლობა, როგორიც არის 800 სკოლის რეაბილიტაციის პროგრამა, 1 000 ბაღის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროგრამა დავიწყეთ ახლა. ჯარის ქალაქი, პოლიციის ქალაქი, გადაიარაღება ბაზების, პოლიციის შენობების. ასევე, ჩვენ ახლა ვიწყებთ 12 ქალაქის და კურორტის სრულ რეაბილიტაციას. 63 მუნიციპალიტეტში დავასრულეთ სრული ურბანული განახლების პროექტები, ყველა ქალაქში მიმდინარეობს წყალგაყვანილობის პროექტები, 2025 წელს ყველა ქალაქს და მუნიციპალიტეტს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით. წელს ვიწყებთ მასშტაბური პროექტის მშენებლობას, რომელსაც ჰქვია ანაკლიის პორტის მშენებლობა, ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ამის მშენებლობა. ასევე, გვაქვს ამბიცია, დავიწყოთ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო, ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელშიც ჩვენი გათვლებით 400 დან 500 მილიონ დოლარამდე ჩაიდება. გვაქვს ამბიცია და სურვილი, რომ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში შევქმნათ თანამედროვე IT ქალაქი, ტექნოლოგიური პარკი. სხვა მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, წარმოების წახალისება, ზოგადად სამაცივრე მეურნეობების განვითარება, ბაღების გაშენება თუ სხვა, ყველაფერთან მიმართებაში გვაქვს კონკრეტული ხედვები და ამოცანები. შარშან დავამტკიცეთ მთავრობის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და კონკრეტული თანმდევი სამოქმედო გეგმები. ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა მივიდეს ჩვენი ქვეყანა 2030-მდე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები