ხაბეიშვილი – პარტიიდან დეკანოიძის წასვლის შესახებ: "ახლა დაქსაქსვის დრო არ არის"

24-03-2023 18:57:03 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის დატოვების შესახებ დეპუტატ ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა არ არის დაქსაქსვის დრო.

„ხატიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ძალიანაც შეიძლება არ მოგვწონდეს და არ მოგვქონდეს, რომ ბრძოლის ველზე როდესაც არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ამ დროს არ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას, მიუხედავად ამისა, ეს მისი საქმეა. მე გეტყვით, ჩემი საქმე არის ხალხთან ურთიერთობა, ხალხთან შეხვედრები და ის, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გავერთიანდეთ ყველა. ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც რაღაცნაირად უწყობს ხელს, რომ თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე და აჩვენებს პრობლემებს, ეს არ არის კარგი. ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს", - თქვა ხაბეიშვილმა.

23 მარტს ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მიიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება.

პარლამენტის წევრმა თქვა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც უთანხმოება გამოიწვია, იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გააქტიურება. „ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილი ერევა პარტიის საქმიანობაში", - შენიშნა მან. დეკანოიძის თქმით, მერაბიშვილი პარტიაში გამართულ არჩევნებში ერეოდა.

როგორც ხატია დეკანოიძემ თქვა, „ნაციონალური მოძრაობა" ძველი პარადიგმით ვერ იმოქმედებს.

დეპუტატმა განაცხადა, რომ არ გეგმავს სხვა პარტიაში გადასვლას, თუმცა პოლიტიკაში რჩება და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.

„ასეთი გადაწყვეტილება როდესაც ოფიციალურად დადგება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს არის პრინციპისა და ღირსების საკითხი“, - დაამატა მან.

22 მარტს ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ოპოზიციური პარტიის დატოვებაზე ნაფიქრი აქვს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დეპუტატს საჯაროდ ჰქონდა უთანხმოება პარტიის ხელმძღვანელობასთან, ეხებოდა საპარლამენტო ბოიკოტს, რომლის შეწყვეტასაც დეკანოიძე აქტიურად მოითხოვდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები