დარჩიაშვილი – ინჯიას – რეგიონის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო პროექტებში სოხუმისა და ცხინვალის ჩართვა ერთმნიშვნელოვნად უნდა განვიხილოთ, როგორც რუსული ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება

24-03-2023 19:14:54 პოლიტიკა

რეგიონის უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში სოხუმისა და ცხინვალის ჩართვა ერთმნიშვნელოვნად უნდა განვიხილოთ, როგორც რუსული ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კითხვას, "შუა დერეფანში" ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით.

როგორც მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა, გამოიკვეთა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ე.წ. შუა დერეფნის როლი აღმოსავლეთ-დასავლეთ შორის ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტური ტრანსპორტირების კუთხით.

"ხაზგასასმელია სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა ტრანზიტული კომუნიკაციის სფეროში. მივესალმებით მეზობელ ქვეყნებში ახალი ეკონომიკური პროექტების, განხორციელებას და ვთვლით, რომ ახალი პროექტების იმპლემენტაცია განამტკიცებს სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფნით დაინტერესებას, როგორც აზიის, ასევე, ევროპის ქვეყნების მხრიდან, ხოლო ჯანსაღი კონკურენცია ხელს შეუწყობს სატრანსპორტო და მომსახურების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველო ამ მიმართულებით უკვე მონაწილეობს რეგიონის უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში. აღნიშნული პროექტები ატარებს წმინდად ეკონომიკურ ხასიათს და ამასთან გევლინება პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითად. რაც შეეხება კითხვას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ზემოხსენებულ სატრანსპორტო კორიდორებში ჩართვასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მცდელობა ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად უნდა განვიხილოთ, როგორც მისი ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება. მსგავსად, რუსეთის ცდილობს ოკუპირებული რეგიონებში საერთაშორისო ასპარეზზე ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ წარმოაჩინოს, ასეთი ფორმით მიმდინარე უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოახდინოს და აიცილოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების ვალდებულება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები