Accentnews.ge
ილია დარჩიაშვილი - ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა

ილია დარჩიაშვილი - ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა

24/03/2023 15:38:00 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების გაახლების და სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა.

როგორც მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გამოიკვეთა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ე.წ. შუა დერეფნის როლი აღმოსავლეთ-დასავლეთ შორის ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტური ტრანსპორტირების კუთხით.

„საქართველომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა სანდო პარტნიორობა და მაქსიმალურად შეუწყო ხელი გაზრდილი ტვირთნაკადის უსაფრთხო, სტაბილურ და დროულ გადაზიდვას, დღეისათვის მოქმედი საერთაშორისო სანქციების სრული დაცვით. აგრეთვე, განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოიყოს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი. როგორც ცნობილია, 2022 წლის 17 დეკემბერს, ბუქარესტში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის პირველმა პირებმა, ხელი მოაწერეს ქართული მხარის ინიციატივით დაწყებულ ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით შესაბამის შეთანხმებას. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, პროექტის რეალიზაციის შედეგად საქართველო არა მხოლოდ საიმედო სატრანზიტო ქვეყანა, არამედ ქვეყანაში წარმოებული განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ხდება. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი, ევროკავშირის მხრიდან აღიარებულია და შეტანილია ე.წ. „დაკავშირებადობის“ საფლაგმანო პროექტების ნუსხაში, რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირის ფინანსურ კონტრიბუციას პროექტის რეალიზაციის მიზნით.

ალტერნატიულ დერეფნებთან მიმართებაში, საქართველოზე გამავალი დერეფნების კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების/მარშრუტების ოპტიმიზაცია, მათი გამტარუნარიანობის ზრდა და უსაფრთხო, შეუფერხებელი გადაზიდვებისათვის საჭირო დროის შემცირება. მნიშვნელოვანია დაგეგმილი დერეფნების, განსაკუთრებით კი კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის დროული ამოქმედება. ზემოხსენებული გათვალისწინებით, სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური მისიები, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში მუშაობენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებას, საქართველოზე გამავალი უკვე არსებული და დაგეგმილი რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას და პოპულარიზაციას (მათ შორის სატრანსპორტო მარშრუტი „ლაპის ლაზული“, TRACECA, კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ფოთის ახალი ტერმინალი, ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალი და სხვ). ამ მიზნით, მიმდინარე წელს გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელშიც სამინისტრომ და საქართველოს საელჩოებმა მონაწილეობა მიიღეს ან ხელი შეუწყვეს ქვეყნის უწყებების მონაწილეობას,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S