„დღეს მივიღე წერილი უკრაინის პრეზიდენტისგან“: ზურაბიშვილი ზელენსკისთან კომუნიკაციაზე და კიევში შესაძლო ვიზიტზე
24/03/2023 18:26:43 პოლიტიკა
რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი, ვერ შეასრულა თავისი ვერც ერთი მიზანი,– ასე აფასებს უკრაინაის ომში რუსეთის მდგომარეობას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვ პირველთან“.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომზე საუბრისას უკრაინელ კოლეგასთან კომუნიკაციასა და კიევში შესაძლო ვიზიტზე ჰკითხეს.
„ზოგადად, დღეს მსოფლიო არის ორად გაყოფილი. არ ვემხრობი სააკაშვილის განცხადებას, რომ რუსეთის მიერ ომის წაგება ნიშნავს, რომ რუსეთი დაიშლება. ეს აუციელებლი არაა და სწორედ დღეს მივიღე უკრაინის პრეზიდენტისგან მადლობის წერილი საქართველოს პოზიციებისთვის გაეროში, სხვადასხვა ღონიძიებებზე და ზოგადადდა მინიშნება იმისა, რომ როცა იქნება გლობალური სამშვიდობო სამიტი, იქ საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი, ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა. ამას სრულიად ვემხრობი, ამას ვეუბნები ყველას გაერთ, რომ როდესაც დადგება დრო (ეს დრო უკრაინის გადასაწყვეტია, როცა ჩათვლის რომ ტერიტორიები დაიბრუნა, ამის მიღწევამდე ალბათ არ დათანხმდება უკრაინა) იქნება გლობალური მოლაპარაკებები და აუციელებლია, ერთი რამ იყოს მიღწეული: რუსეთი გავიდეს ყველა იმ ტერიტორიიდან, რომელიც აქვს ოკუპირებული. რუსეთის დანგრევა არავის საქმე არ არის და ეს არ უნდა იყოს შემაშინებელი მსფლიოსთვის (დესტაბილიზაცია და ამას რა მოჰყვებაო). რუსეთი გადაიქცეს რუსეთად და დაივიწყოს თავისი იმპერიალისტური ამბიციები – ეს უნდა იყოს შედეგი ამ საშინელი ომის, ამით უნდა დამთავრდეს რუსეთის ამბიციები. უკრაინის დაბრუნება თავის საზღვრებში, და რუსეთის თავისაში – ამას ვეუბნები ყველას, ამერიკელებს და სხვებს, რომ ეს თუ არ მოხდება, ჩათვალეთ, რომ 5 წელიწადში, 10 წელიწადში, როდესაც მოიკრებს ძალას, რუსეთი ისევ იქნება აგრესიული დესტაბილიზაციის მომტანი ქვეყანა, როგორიც არის დღეს. ამიტომ, ყველას ინტერესშია, რომ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები, როდესაც გაიმართება, იყოს ნამდვილად სამშვიდობო და აქედან იშვას ახალი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ნამდვილი წესრიგი იქნება“,– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, ზურაბიშვილმა განმარტა, რომ არ მიიჩნევს ადეკვატურად რეკვას ომში მყოფ პრეზიდენტთან, თუ სასწრაფო რამ არ აქვს გადასაცემი და მისი სურვილია, წერილის კონტექსტში განაგრძოს მასთან საუბარი.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ აქვს მზადყოფნა უკრაინაში ვიზიტის:
„მქონდა, მაქვს და ჩემი მზადყოფნა იქ ჩასვლისთვის არაერთხელ განცხადებულა, კარგად იციან და სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შედგა, მაგრამ ურთიერთობა არის ძალიან ნორმალური. უკრაინელებმა კარგად იციან ჩემი პოზიცია, მუდმივად ვარ გამხმოვანებელი ჩვენი სოლიდარობის მათ მიმართ და ამისთვის არაერთხელ მივიღე მადლობა მათგან“.


