Accentnews.ge
პრეზიდენტი იზიარებს შეფასებას, რომ ივანიშვილი ოლიგარქია

პრეზიდენტი იზიარებს შეფასებას, რომ ივანიშვილი ოლიგარქია

24/03/2023 18:34:47 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი, თუმცა, ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი.

"ტვ პირველის" ჟურნალისტის შეკითხვაზე, "ტერმინი ოლიგარქი თქვენთვის არ არის მისაღები ივანიშვილთან მიმართებით?" ზურაბიშვილმა უპასუხა: „რატომაც არა. ოლიგარქობა რას ნიშნავს, რას არ ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ ვენეციის კომისიის პასუხი ამ დეოლიგარქიზაციის კანონზე არ არის რაღაც რომ ინდივიდუალურად, რომელია. ახლა ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი არიან, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის. ვენეციის კომისიის მიდგომა ამ საკითხზე არის, რომ თქვენ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს სისტემურად. უნდა მიიღოთ ისეთი კანონმდებლობა რომელიც იქნება პრევენციული, რომ არავინ შეძლოს რომ მიიღოს მეტი გავლენა".

ჟურნალისტის დამაზუსტებელს კითხვას, არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქია, პრეზიდენტმა უპასუხა: „არის ალბათ, კი. ოლიგარქი იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი ვიდრე ოლიგარქიზმი. სისტემის არგამჭვირვალეობა. ამის თქმა მინდა, რომ საჭირო არის, რომ ჩვენ გავიგოთ და ვიცოდეთ სად წყდება მთავარი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა და ა.შ."

ვენეციის კომისიას არაერთი შენიშვნა აქვს დეოლიგარქიზაციასა და სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებულ, მანამდეც სადავო კანონპროექტებზე. ეს კანონპროექტები, და შესაბამისად შენიშვნებიც, პირდაპირ უკავშირდება ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობის შესრულებას.

ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებულ 12 პირობაში ერთ-ერთი საკითხი არის დეოლიგარქიზაცია. გასული წლის 13 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ თქვა: „თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს - ეს ნიშნავს საქართველოს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“.

2023 წლის 15 თებერვალს ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც უკვე მეორედ, ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილს "ოლიგარქი" უწოდეს და მოითხოვეს მისთვის სანქციების დაწესება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S