"არავის აქვს სურვილი, საქართველო იზოლაციაში მოახვედროს, უნდათ, ხელისუფლება დააბრუნონ სწორ გზაზე"
24/03/2023 19:38:07 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა „tv პირველთან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში გაჩაღებული ანტიდასავლური კამპანიის მთავარ ნარატივზე „ომში ჩათრევის“ თაობაზე.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა ოცნებობს, რომ შავი ზღვა, კავკასია დაწყნარებული იყოს, არავის აქვს დესტაბილიზაციის სურვილი. მას მხედველობაში ჰყავს ქვეყნის დასავლელი პარტნიორები.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ამ გზას ვერავინ გადაუხვევს! ვფიქრობ საარჩევნოა [საკითხი] – განცდა, რომ მხარდაჭერას კარგავენ ამომრჩევლებში, საჭიროა კონსოლიდაცია, რასაც უფრო ადვილად ხედავენ „ხალხის ძალაში“, ვიდრე ფართო საზოგადოებაში იმ მხარდაჭერის მოპოვებაში, რომელიც მოითხოვს გამბედავ ნაბიჯებს.
შეიძლება, თამაში რუსეთთან, რომ თავის თავს აჯერებენ, რომ ამით რუსეთი უფრო ლმობიერი იქნება ჩვენს მიმართ. თუ ვინმე ასე ფიქრობს, არაფერი სცოდნია საქართველოს ისტორიიდან რუსეთის და საქართველოს ურთიერთობაზე. გარკვეული სიფრთხილე მესმის, ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები.
არასდროს ვიყავი მომხრე (არც სააკაშვილის პერიოდში, არც ოპოზიციაში ყოფნისას და დღესაც) ტყუილად ლანძღვის, შეურაცხყოფის ნებისმიერი ქვეყნისთვის და ხელისუფლების. არც ევროპარლამენტარების მიმართ და არც რუსეთის მიმართ არ არის ეს ფორმა მისაღები.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია, ქვეყანა ვართ, სადაც არავინ ამზადებს მეორე ფრონტს. რა მეორე ფრონტი? როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომში გვიწვევდნენ. ყველა ოცნებობს, რომ შავი ზღვა, კავკასია დაწყნარებული იყოს. არავის აქვს დესტაბილიზაციის სურვილი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რა ეჭვები ისმის საქართველოსთან მიმართებით დახურულ კარს მიღმა, ფიქრობენ თუ არა პარტნიორები, რომ საქართველო უკრაინის მხარესაა, თუ რუსეთისგან არც თუ ისე შორს.
„ჩემთან, როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან, ამ ტიპის ეჭვები ასე არ გამოთქმულა, თუნდაც დახურულ კარს მიღმა. უფრო არის განცდა, რომ ეს ხელისუფლება დაინტერესებულია თავისი საარჩევნო მომავლით და კონტაქტს კარგავს მოსახლეობასთან და ამისთვის რა არის გასაკეთებელი. უფრო ეს არის მიდგომა, რაც მე მომისმენია, იმიტომ, რომ არ აქვთ სურვილი, მიგვწიონ იქითკენ და რაღაცნაირად გადაგვაგდონ სხვა მხარეს. სიფრთხილეა, არანაირი გადამეტებული კრიტიკა არ მომისმენია. პირიქით, მცდელობაა იმისა, რომ ჩვენი ადგილი იყოს შენარჩუნებული და დაგვეხმარონ. დღესაც, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პათოსი ეს იყო, რომ დაგეხმარებით ამისათვის, რომ ჯერ კიდევ შეძლოთ იმ ელემენტარული ნაწილების შევსება, როგორიცაა 12 რეკომენდაცია“, - უპასუხა კითხვას ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება უნდა აიძულონ, რომ შეასრულოს დაპირება:
„ხელისუფლება უნდა იყოს მიყვანილი იქამდე, უნდა დააძალო, რომ დაპირებების ერთგული იყოს. ჩემი დაპირებები ხომ არაა? მე ხომ არ ჩამიწერია კონსტიტუციაში? არ შეიძლება ხელისუფლება გადადიოდეს სრულიად სხვა სივრცეში და სხვა რიტორიკას ავლენდეს, როდესაც სულ სხვა რამისთვის იყო არჩეული. ხელისუფლება, რომელსაც ამომრჩევლის მხარდაჭერა აღარ აქვს, სხვა გზით მიდის და იძულებული ხდება, სხვა ბერკეტები გამოიყენოს. ცხადია, ადარდებთ 2024 წლის არჩევნები, ამიტომ ვურჩევდი ხელისუფლებას, ყველაზე ნაღდი არის, რომ ხელისუფლებამ თავის ამომრჩევლებს კანდიდატის სტატუსი მოუტანოს, ეს არის ის, რასაც ამომრჩეველი ელოდება. ჩვენთან მგონი, არ აქვთ განცდა, რომ არჩევნები შეიძლება პოზიტივით მოიგო და არა ნეგატივით. მიღწევებით მოიგო შენი ამომრჩევლის გული და არა დაპირისპირებით, შევიწროებით, ლანძღვა-გინებით და ა.შ.
ჩემი ძალა ძირითადად სიტყვაა და დღეს ამ სიტყვას სხვა ზურგი აქვს, ხალხის ხმა. ჩვენი მთავარი მოვალეობაა, არ მივცეთ ხელისუფლებას გასაქანი, რათა დარჩეს იმ გზაზე, რაც არის მისი არჩეული გზა და რისთვისაც მანდატი მიიღო. მე ვიქნები ერთგვარი დარაჯი ამ გზაზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, არავის აქვს სურვილი, რომ იზოლაციაში მოახვედროს საქართველო, ქვეყანა დიდი პერსპექტივის გარეშე დარჩეს და რომ ყველას სურს, ხელისუფლება სწორ გზაზე დააბრუნოს:
„აქციის დროს გვერდით დგომა ძალიან სერიოზული განაცხადია. მე ამის ერთგული ვარ და ვიქნები ბოლომდე. იმის იმედიც მაქვს, რომ ხალხი იქნება ჩემს გვერდით, როდესაც სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვეტილებები იქნება მისაღები, მაგალითად, თუ კიდევ გახდა საჭირო ვეტოს გამოყენება. მე ვთქვი და ამას ნამდვილად შევასრულებ, ნებისმიერ კანონმდებლობაზე, რომელიც ჩვენი ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ წავა, რეკომენდაციების სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, ვეტო გამოყენებული იქნება. დემოკრატია ამას ნიშნავს, ან ხალხთან ხარ და მაშინ ხარ ძლიერი, ხალხს თუ ჩამოშორდები ნაკლებად. მიამიტი მეც არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ძალა, ძალიან დიდი ძალაა, შეიძლება დღეს ვერ ხვდებოდნენ, თუ რამდენად ძლიერია ეს ძალა. არის მეორე ძალა, რომელიც არის საერთაშორისო თანამეგობრობა. სადაც ვიყავი, არავის აქვს სურვილი, რომ იზოლაციაში მოახვედროს საქართველო, ჩიხში მიიყვანოს ხელისუფლება. ყველას უნდა რომ ხელისუფლება დააბრუნოს სწორ გზაზე, არავის აქვს სურვილი, რომ საქართველო ამ ძალიან დიდი პერსპექტივისგან გვერდზე დარჩეს. აუცილებელია მობილიზება მოხდეს ამ ფანჯრის მიმართულებით. მაქვს ჩემი მოსაზრებები, როდესაც დრო მოვა გავამხელ“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.


