ბერბოკმა საქართველო დატოვა
24/03/2023 19:43:28 პოლიტიკა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველო დატოვა. გერმანელი დიპლომატი მისმა ქართველმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, პრეზიდენტს, პრემიერს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, ოპოზიციონერებს. ისაუბრა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე.
ანალენა ბერბოკი ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პირველმა დიპლომატმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.


