Accentnews.ge
აზარაშვილი: „როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სამართლიანია, წლიურ ლიმიტს მოვხსნით“

აზარაშვილი: „როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სამართლიანია, წლიურ ლიმიტს მოვხსნით“

26/03/2023 06:46:30 პოლიტიკა

"როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სწორი და სამართლიანია, წლიურ ლიმიტს აუცილებლად მოვხსნით და ბენეფიციარები მიიღებენ სრულყოფილ სერვისს როგორც ამბულატორიულ ნაწილში, ისე - მედიკამენტების კუთხით“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ "დღეს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი 25 000 ლარია. უწყება მზად არის, ლიმიტი საერთოდ გააუქმოს, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს შეუძლებელია, რადგან, 1000-ლარიანი მედიკამენტი, რომელიც ბენეფიციარს, წლის განმავლობაში, 25 კოლოფი ესაჭიროება, მოულოდნელად, 3000 ლარი გახდა".

„ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტის მოხსნას იანვრიდანაც ვფიქრობდით, შემდეგ რეფერენტული ფასების ამოქმედებას ველოდებოდით და თავი შევიკავეთ, რადგან საბოტაჟის საფრთხეები არსებობდა. დავრწმუნდით, რომ ჯერ მზად არ არის ფარმაცევტული სექტორი ამისთვის, თორემ სამინისტრო და სახელმწიფო მზადაა, სრულად დააკმაყოფილოს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების ზრდას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.

"წამლების ფასები, რომელიც იყო გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის, 60 %-დან 80 %-მდე შემცირდა წამლების ფასები მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი. ამით 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა და დაზოგა ჩვენმა ხალხმა. რეფერენტული ფასები დავაწესეთ, აქვე მინდა გამოვეხმაურო ამ დესტრუქციული ძალის ერთ-ერთ წარმომადგენელს, კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-ს, რომელმაც თქვენ ნახეთ, რომ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ორას-სამას პროცენტიანი ფასნამატები გააკეთეს, რაც რა თქმა უნდა არ დარჩება რეაგირების გარეშე, დაუყოვნებლივ მოხდება ამაზე რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება", – განაცხადა პრემიერმა.

მანამდე აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელვა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნური ზრდა ფიქსირდება. უწყების ინფორმაციით, საუბარია მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები დაწესებული არ არის.

„მედიკამენტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება. ამჯერად საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

კერძოდ, კომპანიების ნაწილმა აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს ერთი და იმავე დასახელების მედიკამენტებზე იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული.

წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მისი ცნობით, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქიმიო-სხივური ჰორმონოთერაპიისთვის ერთ ბენეფიციარზე ყოველწლიურად 25 000 ლარი გამოიყოფა, ხელოვნურად გაძვირებული წამლების შედეგად კი ონკოლოგიურ პაციენტებს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ.

სამწუხაროა, რომ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ისევ გრძელდება მედიკამენტების ფასების ხელოვნურად ზრდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არაერთხელ გაცხადდა, რომ მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე უწყებას ექნება მკაცრი რეაგირება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S