რინკევიჩი: "ბელარუსი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის კიდევ ერთი სამხედრო ოლქი გახდა"
27/03/2023 08:14:15 პოლიტიკა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ბელარუსი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის კიდევ ერთი სამხედრო ოლქი გახდა.
"რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში ადასტურებს, რომ ბელარუსი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის კიდევ ერთი სამხედრო ოლქი გახდა. ევროკავშირმა და G7-მა რუსეთისა და ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მეტი სანქციები უნდა გამოიყენონ", - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. პუტინმა თავისი გეგმები შეადარა აშშ-ის მიერ თავისი ბირთვული იარაღის ევროპაში განთავსებას და თქვა, რომ რუსეთი არ გადასცემს იარაღზე კონტროლს ბელარუსს. თუმცა, ეს შეიძლება, იყოს პირველი შემთხვევა 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ასეთ იარაღს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.
ნატო–მ გააკრიტიკა რუსეთი და მის გადაწყვეტილებას „სახიფათო და უპასუხისმგებლო“ უწოდა. ამასთან, აღნიშნა, რომ ჯერ–ჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადებოდეს.
პუტინის განცხადების შემდეგ უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა.


