Accentnews.ge
წულუკიანის რეაქცია სამხარაძის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაზე

წულუკიანის რეაქცია სამხარაძის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაზე

27/03/2023 13:08:16 პოლიტიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ქალი კანონით „კბილებამდეა შეიარაღებული“, რომ თავისი უფლებები დაიცვას. ასე უპასუხა მინისტრმა თათია სამხარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და ამბობს, რომ არც სამხარაძეს და არც მის საქმეს. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და მას ორი ინსტანციის სასამართლოც მოუგო.

„მე ვარ ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბულის კონვენცია და შემდეგ იუსტიციის მინისტრობისას ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რატიფიკაცია გააკეთა გოგონების და ქალთა უფლებებისთვის ამ კონვენციის პარლამენტში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, არ შეიძლება მე მქონდეს განსხვავებული პოზიცია, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ამისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს, ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რომ თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, თუკი მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრს ასევე ჰკითხეს POSTV-ის მიერ თათია სამხარაძის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიასთან დაკავშირებით. კერძოდ, 24 მარტს POSTV-ის წარმომადგენელმა ნათია ბერიძემ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ენმ-ის წევრმა დიმიტრი ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. რის შემდეგაც პოლიცია ჩიქოვანის სახლში მივიდა. თავად თათია სამხარაძე აღნიშნულს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და თქვა, რომ „პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით პოსტივი ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“. თათია სამხარაძის თქმით, გრძნობს და შიშობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა, საქართველოში საფრთხეშია. 26 მარტს რამიშვილის ტელევიზია აცხადებდა, რომ სამხარაძე კვლავ ჩიქოვანის ბინაში იმალებოდა. თუმცა ქალმა, რომელმაც შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე დავა სასამართლოში მოუგო, ფეისბუკზე დადო ვიდეო საკუთარი სახლიდან. ვიდეოზე ის მამასთან ერთად არის აღბეჭდილი. თათია სამხარაძემ 27 მარტს განაცხადა, რომ მისი შემვიწროებლის ტელევიზიის წარმომადგენლები ამ დრომდე მის საცხოვრებელ ბინასთან იმყოფებიან.

მინისტრს ჰკითხეს, რას ფიქრობდა თათია სამხარაძის სახლში მივარდნასა და მისი პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაზე.

„ფორმულა“ და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები, სანამ შეიშმუშნებით, შეწუხდებით და ქალწულებრივ შეშფოთებას გამოთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ვიღაცას სახლში ვიღაცა მიუვარდა, სამჯერ დაფიქრდით, იმიტომ, რომ ჩვენს სახლებში მოვარდნით ხართ დაკავებული. თუ ღმერთი არ გწამთ, სამჯერ არ დაფიქრდეთ, ხუთჯერ დაფიქრდით“, – განაცხადა წულუკიანმა.

მანამდე შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა და მისი დაცვა მმართველი გუნდის წევრებმა სცადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S