წულუკიანი: "არჩევნებამდე არსად ვაპირებ წასვლას"
27/03/2023 13:30:47 პოლიტიკა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სპეკულაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ინაცვლებს.
წულუკიანის თქმით, მსგავს ინფორმაციას მათივე სისტემაში ის ადამიანები ავრცელებენ, რომელთაც არ მოსწონთ გატარებული პოლიტიკა.
„ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე გახლავთ წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას. საერთოდ, ასე ხდება ხოლმე, რომ როდესაც იმ ადამიანებს არ მოსწონთ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, შემდეგ დასხდებიან და ადგილებიც ვიცი, სადაც მსჯელობენ და თათბირობენ. ეს ჩვენივე სისტემაში ხდება ხოლმე, ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამ სამინისტროში. ეს რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც მათ გამამწესეს, მაგრამ მათ მინდა, მივუსამძიმრო, რომ მე არჩევნებამდე არსად ვაპირებ წასვლას და არჩევნების შემდეგ, ალბათ, მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება მქონდეს სათქმელი“, – განაცხადა წულუკიანმა.


