გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილი 58 კილოგრამს იწონის
28/03/2023 08:54:13 პოლიტიკა
მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წონა უკვე 58 კილოგრამზე ჩამოვიდა.
გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს რეფიდინგის პროგრამა ელენე გიორგაძის ხელმძღვანელობით, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი თქვა, რადგან მსგავსი პროგრამა მან გორის ჰოსპიტალში უკვე გაიარა და მდგომარეობა სწორედ ამის შემდეგ გაუარესდა.
"წონა აქვს უკვე 58 კგ. როგორ ფიქრობთ, 58 კგ რომ გახდა ადამიანი უსათუოდ უნდა მოკვდეს? მაშინ ვთქვათ, რომ თვითმკვლელია. ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს 1500 კალორიას, რომელსაც ისინი ითხოვენ. რაც შეეხება კონსილიუმს. მე რამდენადაც ვიცი, შესთავაზეს ელენე გიორგაძის მოსვლა. ეს ის ქალბატონია, რომელიც ხელმძღვანელობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას, რომელიც ყველამ დაიწუნა და ჩათვალეს, რომ მისი ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობის ერთ ერთი მიზეზი იყო ის რეფიდინგი, რომელიც ჩატარდა იქ", – ამბობს ალასანია.
მოგვიანებით,„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ დღეს სააკაშვილის წონასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და სინამდვილეში პაციენტი ბევრად მეტს იწონის.
როგორც ზურაბ ჩხაიძე ამბობს, არ იცის, რის საფუძველზე საუბრობენ, რომ დღეის მდგომარეობით სააკაშვილი 58 კილოს იწონის.
„არ ვიცი, რის საფუძველზე დასახელდა დღეს 58 კილოგრამი, პაციენტი ბევრად მეტს იწონის. დღეს აიწონა და შემიძლია, დავასახელო ეს ციფრი. დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს. წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია. ამის შემდეგ ნუღარ დავასახელებთ ციფრებს, რადგან კლება თუ მატებაა, შემდეგ ეს ძალიან ცუდად აისახება ექიმების მიმართ მის დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.


