რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ლიეტუვის სეიმმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო
28/03/2023 06:15:52 პოლიტიკა
ლიეტუვის სეიმმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. პარლამენტი ადასტურებს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას, თუმცა მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ისეთი ინიციატივებისგან, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.
რეზოლუციას მხარი ყველა (114-ივე) დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა.
დოკუმეტში აღნიშნულია, რომ სეიმი "მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ნებისმიერი საკამათო საკანონმდებლო და სხვა ინიციატივებისაგან, რომლებიც ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ან ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას".
ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანო ყურადღებას ამახვილებს „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე და მიიჩნევს, რომ ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ.
გარდა ამისა, სეიმი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს პროცედურები ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყანაში ან აშშ-ში გადაყვანისთვის, რათა ყოფილმა პრეზიდენტმა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.
ამასთან, "სეიმი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ის იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის".
ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანო "მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეუერთდეს დასავლური საზოგადოების მიერ რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკის მიმართ დაწესებულ სანქციებს და უზრუნველყოს ამ სანქციების სათანადო და მკაცრი განხორციელება".
სეიმი ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დაუბრუნდნენ 19 აპრილის შეთანხმებას.


