"უკრაინის წინააღმდეგ ომი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები, ანუ მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ"
29/03/2023 12:52:12 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ ,,დემოკრატიის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის წინააღმდეგ ომი, მათ შორის შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები – "მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებულნი საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად".
"ჩვენ შარშან უკვე აღვნიშნეთ მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც იდგნენ როგორც დიდი ხნის წინ დამკვიდრებული დემოკრატიები, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მყოფი ქვეყნები. ყველას წინაშეა დესტრუქციული გამოწვევები პოლარიზაციის, დეზინფორმაციის სხვადასხვა ფორმების, პანდემიის, სოციალური დაძაბულობისა და დისკრიმინაციის, კონფლიქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების სახით.
ეს გამოწვევები, რომლებიც ჩვენს საზღვრებს შიგნით თუ მის გარეთ ღვივდება, საბოლოოდ ანადგურებს ხალხის ნდობას მათი მთავრობების, ინსტიტუტებისა და თავად დემოკრატიის მიმართ.
თუმცა, არცერთ ჩვენგანს არ ესმოდა, რომ მსოფლიო დადგებოდა უფრო პირდაპირი, სასტიკი და ყოვლისმომცველი გამოწვევის წინაშე უკრაინაში რუსეთის სამხედროს შეჭრის სახით, რომელიც წარმოუდგენელ ნგრევას, ტანჯვას, ადამიანთა დანაკარგს და ადამიანის უფლებების ჩამორთმევას იწვევს. უკრაინის წინააღმდეგ ომი, ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. შეხსენება იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები, ანუ მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებულნი საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად.
როდესაც ვიკრიბებით დღეს, ამ კიდევ უფრო რთულ დროს, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ჩვენი საერთო ღირებულებებისა და სოლიდარობის მიმართ და შევასრულოთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები", – განაცხადა პრეზიდენტმა.


