კობახიძე – "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებული პირის შესახებ: "ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული"
30/03/2023 13:00:27 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებულ პირს "ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული".
"ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები და ასეთი დანაშაულებისთვის შესაბამისმა პირებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე და იმედია, გაგრძელდება ამასთან დაკავშირებით გამოძიება. ნუ, რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, მას ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ და ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, ეს ახალგაზრდა კაცი, გზას აცდენილი კაცი არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან – ვაშაძე, ჯაფარიძე, ხოშტარიას ერთობასთან, ესეც მიუთითებს რაზე, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, ეს "ბოლშევიკური ტროიკა" არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ", - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
7-9 მარტის აქციების მონაწილე პოლიციამ 29 მარტს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციების მონაწილეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა.
გამოძიების ვერსიით, 2002 წელს დაბადებულმა ლ.გ.-მ 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მან, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
შსს-ს ცნობით, ლ.გ.-ს, რომელიც წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებულია, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იყო მიცემული, ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება.


