საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი ასახელებს პრიორიტეტებს, რომლებზეც დამტკიცების შემთხვევაში ყურადღებას გაამახვილებს
30/03/2023 15:17:53 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატ რობინ დანიგენს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმინეს.
მან დაასახელა 4 პრიორიტეტი, რომელზეც ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, ყურადღებას გაამახვილებს.
"თუ საქართველოში აშშ-ის ელჩად დამამტკიცებენ, ჩემი ყურადღება გამახვილებული იქნება შემდეგ ოთხ პრიორიტეტზე:
- პირველი, ეს არის ამერიკის საელჩოს ყველა თანამშრომლისა და საქართველოში მყოფი ყველა ამერიკელის უსაფრთხოების დაცვა.
- მეორე, მე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად, რათა მათ აისრულონ საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში, ნატოსა და ზოგადად დასავლურ სამყაროში ინტეგრირების ოცნება. ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც. საქართველოს დასავლეთში ინტეგრირება ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული საქართველო, რომელსაც საკუთარი საზღვრების დაცვისა და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ დამაზიანებელ ქმედებებთან გამკლავების უნარი აქვს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ არსებობს გარკვეული შემაშფოთებელი ფაქტები, რომლებიც მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
- მესამე, მე ხელს შევუწყობ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, რათა გაიზარდოს ექსპორტი და წახალისდეს ამერიკული კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტირება.
- ჩემი მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რადგან რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ამ ქვეყნის ტერიტორიის 20%. მე ვიმუშავებ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ რუსეთს და ვაიძულოთ, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები", აღნიშნა რობინ დანიგენმა.
ცნობისთვის: 14 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი წარადგინა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რობინ დანიგენი ამჟამად ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში მუშოაბს. იგი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში.
2018-2021 წლებში დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო.
რობინ დანიგენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობა 1992 წელს დაიწყო და კარიერის მანძილზე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ – სალვადორში.
დანიგენმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო. ასევე მაგისტრის ხარისხს ფლობს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან. დანიგენი საუბრობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე.


