დანიგანი - საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და მოგვმართეს ტრენინგებისთვისაც
30/03/2023 18:03:48 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და მოგვმართეს გარკვეული ტრენინგებისთვის, რომ დავეხმაროთ ამაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრიორიტეტია უზრუნველყოს სანქციების დანერგვა და ერთგულება და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან, ეროვნულ ბანკთან და კერძო სექტორთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ.
"საქართველოს აბსოლუტურად უნდა ესმოდეს, რომ აშშ-ს არ სურს, გააგრძელოს სანქციების აცილების გზით რუსეთის ომის დაფინანსება სამომავლო აგრესიებისთვის. ეს საუბარი გვაქვს საქართველოსთან", – განაცხადა დანიგანმა.
როგორც მან აღნიშნა, სანქციების საკითხებში სპეციალური და სხვა უწყებების კოორდნატორები მომდევნო თვეებში გაემგზავრებიან საქართველოში ამ მნიშვნელოვანი დიალოგის გასაგრძელებლად.
"საქართველო ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც გაერო-ში, ასევე ეუთო-ში უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუციების მიღებაში, რომლებიც გმობს რუსეთის აგრესიას", – დასძინა მან.


