"ჩვენ კიდევ უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და დღეს უკვე რუსეთიდან დაბრუნებულებისათვის"
31/03/2023 09:11:18 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანამ "უნდა გაამარტივოს მოქალაქეობის მიღება ემიგრანტებისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და დღეს უკვე რუსეთიდან დაბრუნებულებისათვის". ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა.
"როგორც ამბობენ საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო და ამდენად, ახალა გადავალ რეალურ საქმეზე. ჩვენი მოქალქეების უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წარმოადგენდა ჩემს მოტივაციას ორმაგი მოქალაქეობის საკითხის ინიცირებისას და ეს მიზანი მიღწეული იქნა ჩემი დეპუტატობის დროს. ეროვნული ინტერესი მოითხოვს, რომ ჩვენ არ დავკარგოთ არცერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა თუნდაც 1991 წლის რეფერენდუმში და არ დავკარგოთ მათი შთამომავლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და დღეს უკვე რუსეთიდან დაბრუნებულებისათვის, ეს მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფრენების აღდგენა.
თუმცა, სამწუხაროდ ჩემი უწყვეტი მცდელობების მიუხედავად ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა და მოითხოვს მიდგომის შეცვლას, ეროვნული ინტერესის გააზრებას, მითუმეტეს დღევანდელ დემოგრაფიულ პირობებში. აქვე, მინდა, გამოვიყენო ეს ტრიბუნა და კატეგორიულად გამოვაცხადო, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება შეცვალოს მოქალაქეობის კომისიის მიერ უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, ამიტომ ხალხი არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი, თითქოსდა პრეზიდენტს შეუძლია შეცვალოს კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება", – განაცხადა პრეზიდენტმა.


