"მიუხედავად ზოგი ქართველი უკრაინელის მცდელობისა არ შემდგარიყო ჩემი უკრაინაში ვიზიტი, შესაძლებელი გახდა მუშაობა დამეწყო პეტრას სამიტზე"
31/03/2023 09:13:53 პოლიტიკა
"მიუხედავად ზოგი ქართველი უკრაინელის მცდელობისა წარუმატებელი ყოფილიყო ან საერთოდ არ შემდგარიყო ჩემი უკრაინაში ვიზიტი, შესაძლებელი გახდა მუშაობა დამეწყო პეტრას სამიტზე", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა.
"ჩვენი ხალხის ნების და მისწრაფების დაცვა ჩემი საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა, რაც გამყარებულია კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩემი პრეზიდენტობის დღიდან, ვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას: ეს არის პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშრისო ტრიბუნები და საერთაშორისო მედია, იმისთვის, რომ დავიცვა და გავამყარო ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები. უფრო დეტალურად, 2021 წლის მარტს საქართველოში, ჩემი ძალისხმევით განხორციელდა შარლ მიშელის ვიზიტი და მისი ანუ, ევროკავშირის, ისტორიული ჩართულობა ქვეყანაში არსებული კრიზისის გადსაჭრელად. შედეგი, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში მიღწეული იქნა, სადაც მსოფლიომ ნახა, დემოკრატიული, ერთად მდგარი ქვეყნის სურათი - ოპოზიცია, უმრავლესობა, პრეზიდენტი და ევროკავშირი. დღეს სად ვართ ამას აღარ დავუბრუნდები.
2021 წლის 23 ივნისს, ჩემი ძალისხმევით ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაში, 15 წლის შემდეგ ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი, დიპლომატიური ურთიერთობები უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს და მიუხედავად ზოგი ქართველი უკრაინელის მცდელობისა წარუმატებელი ყოფილიყო ან საერთოდ არ შემდგარიყო ვიზიტი, შესაძლებელი გახდა მუშაობა დამეწყო პეტრას სამიტზე. 2021 წლის 19 ივლისს, საქართველოში ჩემი ძალისხმევით, განხორციელდა ისტორიული უმაღლესი დონის პეტრას სამიტი - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ევროკავშირი. სადაც მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო ევროპულ გზაზე არის ლიდერი, ინიციატორი და მოწინავე. სამიტის ბოლოს საამაყო, საზეიმო იყო ჩვენი ერთობა: პრეზიდენტი, პრემიერი და ჩვენი მეგობრები ერთად და იმედიანად ვუყურებდით ჩვენს ევროპულ მომავალს. დღეს სად ვართ ამას აღარ დავუბრუნდები", – განაცხადა პრეზიდენტმა.


