პრეზიდენტი – თავის მოტყუება აღარ შეიძლება! 12 რეკომენდაციის ფორმალური შესრულებით შედეგი ვერ იქნება
31/03/2023 09:15:39 პოლიტიკა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას ევროკომისიის 12 მოხსენების შესრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტატუსის მისაღებად სრული კონსოლიდაციაა საჭირო.
„ვაპირებ, რომ სრულად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება. ეს მოითხოვს ქვეყნის სრულ კონსოლიდაციას და გაერთიანებას.
დღეს ყველანი არჩევანის წინაშე ვართ, ხელისფულებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი დაუბრუნდეს თავის მანდანტს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ვკარგავთ ყველანაირ შანსს. თავის მოტყუება აღარ შეიძლება! ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს. რეალური საქმის შესრულების გარეშე და მისი სწორი ფორმით წარდგინების და დანიშნულების ადგილზე მიტანის გარეშე, ჩვენ ხალხის ნებას ვერ აღვასრულებთ. ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული და გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმიტომ, რომ ვარ ყველას პრეზიდნეტი და არ წარმოვადგენ არცერთ და არც მეორე მხარეს, თუ არა ქართველი ხალხის. ჩვენ არ უნდა გავუშვათ ჩვენი შანსი და ვინც ამას შეძლებს, ის ასევე შეძლებს, რომ თქვას: „ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


