ელისაშვილი – ზურაბიშვილს: "არ მინდოდა, პრეზიდენტი ყოფილიყავით, მეშინოდა, არ იქნებოდით თანმიმდევრული ეროვნული არჩევანის დაცვისას, მაგრამ ახლა ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს"
31/03/2023 09:51:01 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ბოდიში მოუხადა ზურაბიშვილს იმის გამო, რომ მისი პრეზიდენტობა არ სურდა.
„პიროვნულად არაფერს გერჩოდით, ქართულ ემიგრაციას წარმოადგენთ და ერთ-ერთი ხართ იმ გათქვეფილ და გამქრალ ემიგრაციიდან რომ გადარჩით ქართველად, დაგვიბრუნდით და ახლა უკვე პრეზიდენტი ხართ. მაშინ რისი მეშინოდა და რატომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა, რადგან მეშინოდა, რომ არ იქნებოდით მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას. ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და მეშინოდა, რომ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს. თქვენთან პირისპირ შეხვედრისას ბოდიშიც მოგიხადეთ სწორედ იმ სიტყვების გამო და ახლა ღიადაც ვიტყვი ბოდიშს. არ მესირცხვილება ბოდიშის მოხდა, როდესაც მიმაჩნია, რომ მოსახდელი მაქვს. ბოდიშს გიხდით იმის გამო, რაც დღეს აქ მოვისმინე და რასაც ვისმენ ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში თქვენგან, საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით უკიდურესად სამარცხვინოა და „თუ ვინმე ნამუსს წმენდს“ ქვეყანას, პრეზიდენტი და უკრაინაში მებრძოლი ქართველები არიან.


