
უსუფაშვილი პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ – "ოცნებას": "ასე დამოკიდებული ადამიანიც კი ამ ზომამდე რომ მიიყვანეთ, იქნებ კარგად დაფიქრდეთ, რაშია საქმე"
31/03/2023 10:08:14 პოლიტიკა
„ქართულ ოცნებაზე“ ამაზე უფრო დამოკიდებული პრეზიდენტობის კანდიდატი არ მახსოვს, მაგრამ ასე დამოკიდებული ადამიანიც კი ამ ზომამდე რომ მიიყვანეთ, პატივცემულებო, იქნებ კარგად დაფიქრდეთ, რაშია საქმე, - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ხელისუფლებას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
უსუფაშვილის თქმით, "პრეზიდენტი ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება, უფრო წინ ყოფილიყავით".
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის არც თუ ჩვეულებრივი გამოსვლა - ამ ტრიბუნას ბევრჯერ უნახავს სხვადასხვა ტიპის გამოსვლა. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფოს გაბრაზებული მეთაურის გამოსვლა. ქალბატონო სალომე, ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება უფრო წინ ყოფილიყავით, მაგრამ არა უშავს, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო. [...] მოხერხდა საქართველოს პრეზიდენტის ამ დონეზე გაბრაზებაც. პრეზიდენტის, რომელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი კანდიდატი წინა არჩევნებში, ეს ძალიან კარგად ვიცით, ქალბატონო სალომე. „ქართულ ოცნებაზე“ ამაზე უფრო დამოკიდებული პრეზიდენტობის კანდიდატი არ მახსოვს, მაგრამ ასე დამოკიდებული ადამიანიც კი ამ ზომამდე რომ მიიყვანეთ, პატივცემულებო, იქნებ კარგად დაფიქრდეთ, რაშია საქმე. სალომე ზურაბიშვილს წლების განმავლობაში ასეთი აღშფოთება და გაბრაზება არ გამოუხატავს ბევრ რამეზე, მათ შორის იმაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ახლა აქ უნდა იდგეს, თვალთმაქცური მეთოდებით და გადაწყვეტილებებით გააძევეთ. [პრეზიდენტი] ითმენდა რაღაცებს, რაღაცების სჯეროდა, მაგრამ ახლა შეუძლებელია, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტმა, არამედ საქართველოზე, საკუთარ ოჯახზე, მომავალზე ნამდვილად ჩაფიქრებულმა ადამიანმა ვერ დაინახოს ის, რაც ხდება „ქართული ოცნების“ ლიდერობის გამოისობით ამ ქვეყანაში. ახლა უკვე ინდივიდუალური არჩევანის დროა. პრეზიდენტმა აქ, ასეთი გამოსვლით პიროვნული და ინდივიდუალური არჩევანი გააკეთა. „ლელო“ მიესალმება ასეთ პოზიციას - დღეს და ახლა. იყო ეს პოლიტიკურად ნეიტრალური პრეზიდენტის გამოსვლა?- არა! იმიტომ, რომ საკითხი არა პოლიტიკას, არამედ ეროვნულ ინტერესებს ეხება “,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
გარდა ამისა, უსუფაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და პრეზიდენტს მიმართა, ამ საქმეს ხელი მოჰკიდოს.
„პრეზიდენტმა მოკიდეთ ხელი ამ საქმეს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ სულისკვეთებით, ღირებულებებით სავსე საქაღალდე დავდოთ ევროპასთან. ჩვენ ევროპას ვუთხრათ რომ გვესმის, რაზეც გველაპარაკებიან, ჩვენ ევროპული სუვერენიტეტის ნაწილი ვხდებით. ამიტომ ღელავს ის პატიოსანი ხალხი - ჩვენი პრემიერ-მინისტრი რომ უნდა დაჯდეს მათი პრემიერების მაგიდის გარშემო და ხელი ასწიოს ან არ ასწიოს ევროპის მთელ მომავალზე, არ აინტერესებთ, ვინაა ჩვენი პრემიერ-მინისტრი და რა ღირებულებებით ცხოვრობს, რაზე საუბროს ტრიბუნიდან და როგორ მიმართავს ადამიანებს?!“.