Accentnews.ge
"ოცნების" რეაქცია პრეზიდენტის მოხსენების შესახებ: "უკიდურესად ტენდენციური, თუმცა ჯერ "წითელი ხაზები" არ გადაუკვეთია"

"ოცნების" რეაქცია პრეზიდენტის მოხსენების შესახებ: "უკიდურესად ტენდენციური, თუმცა ჯერ "წითელი ხაზები" არ გადაუკვეთია"

31/03/2023 10:49:39 პოლიტიკა

"ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ იგი "უკიდურესად ტენდენციური იყო, თუმცა ჯერ "წითელი ხაზები" არ გადაუკვეთია".

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას, თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა“.

„2011 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა „ქართული ოცნება“ არ იყო ხელსუფლებაში, დაიგეგმა სპეცოპერაცია „ქართული ოცნების“ პიარული გარუსების შესახებ და ამ სპეცოპერაციის, მავნებლობის მსხვერპლი ქალბატონი სალომეც გახლდათ 2018 წელს, თუმცა შეიძლება, ხელშეწყობაც იყო ამისი მისი მხრიდან, მაგრამ ეს ნარატივი იყო მასზე გატარებული. ეს გრძელდება დღესაც და სამწუხაროა, თავად პრეზიდენტმა ერთ-ერთ მიზნად დაისახა, ამ ნარატივს თავად შეუწყოს ხელი. მისი გამოსვლის მთავარი, ძირითადი მიზანი ეს გახლდათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ტრიბუნიდან.მდინარაძე დაინტერესდა, პრეზიდენტის აზრით, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე როგორ უნდა დაეზღვია საქართველოს თავი და ისევ ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი, რომ 2008 წელს „მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა“.

„დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას. [...] ხომ არ ემთხვევა ირიბად თუ პირდაპირ თქვენი პოზიცია ამ მიზნებს, მაშინ, როდესაც ევროკავშირმა თავად კრიტერიუმების დონეზე აღიარა, რომ საქართველოს როცა არ მიენიჭა სტატუსი, იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს? დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა. ევროპამ თვითონ აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა, თქვენ ფიქრობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ და უფრო მეტიც, რაც უნდა გასაოცარი იყოს, შესრულებულ, თითქმის ბოლოში გასულ რეკომენდაციებს დაარქვით ფორმალურად შესრულებული. რატომ ემთხვევა სამივე მიზანი რადიკალური ოპოზიციის მიზნებს?“, – მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტს.

მისი თქმით, ზურაბიშვილის პოზიციები ეწინააღმდეგება მისი ამომრჩევლის პოზიციებს და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც მას „მოღალატეს და აგენტს“ ეძახდა რამდენიმე წლის წინ:

„დღეს თქვენ ყველა თქვენი წინადადებით და ნარატივით გააძლიერეთ ნაცმოძრაობის ცრუკამპანიაც, მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგო. რატომ ხდება ისე, თქვენ ვინც მხარი დაგიჭირათ, მათი პოზიცია თქვენ მიერ აბსოლუტურად იგნორირებულია და ვინც აგენტს გეძახდათ, ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებები მტკიცებულებებით უდასტურდებათ, მათ ნარატივს ამყარებთ?“.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველ პარტიას სალომე ზურაბიშვილის „ფერისცვალების“ მიზეზებზე ინფორმაცია აქვს, თუმცა მოერიდებიან დეტალებზე საუბარს, რადგან „ზურაბიშვილს წითელი ხაზები ჯერ არ გადაუკვეთია“.

„ერთის მხრივ, საუბრობ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორეს მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, გაუგებარია. და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია. ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად. რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა, პრეზიდენტს მისი განცხადებები შევახსენო 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი, ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო. იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე. ეს კითხვა მაქვს ქალბატონი სალომეს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, არსებობს გლობალური ომის პარტია, ამის შესახებ ზურაბიშვილს ინფორმაცია აქვს.

„რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების ინტერესი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ ფართო ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით და ამ ფონზე რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ის ინფორმირებულია იმ საკითხების შესახებ, რასაც დღეს კონსპირაციის თეორიას ეძახის. მას აქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია ამ ყველაფერზე, თუმცა, როგორც ჩანს, მას აქვს საპირისპირო ინტერესი“, – ამბობს კობახიძემ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დგას იქ, სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია და „გაუგებარი განცხადებები“ სჭირდება იმისთვის, რომ ენმ-ს გამოსტყუოს ტაში.

"ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია, რატომ იცვალა მან ფერი, თუმც მოვერიდებით დეტალებზე საუბარს, მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს წითელი ხაზები არ გადაუკვეთია. ჩვენთვის მთავარი, როცა წითელ ხაზებზეა საუბარი, მთავარია საქართველოს კეთილდღეობა და აქ იგულისხმება ყველაფერი – სუვერენიტეტი, კეთილდღეობა, დამოუკიდებლობა და ყველაფერი, რაც საქართველოს კონსტიტუციაში ასახული, მათ შორის ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ასევე: პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება (სრულად)

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S