Accentnews.ge
ენმ-მ პრეზიდენტთან ერთად 12 პუნქტზე მუშაობის სურვილი გამოთქვა

ენმ-მ პრეზიდენტთან ერთად 12 პუნქტზე მუშაობის სურვილი გამოთქვა

31/03/2023 11:36:10 პოლიტიკა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოთქვამს მზადყოფნას, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტთან ითანამშრომლოს. ამ საკითხზე პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგდეპუტატმა ენმ-დან ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.

ბეჟაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტმა “კარგი, ობიექტური” შეფასებები გაახმიანა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“მივიღებთ იმ კრიტიკასაც, რომელიც ოპოზიციასთან მიმართებაში გააჟღერა ქალბატონმა პრეზიდენტმა, თუმცა ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, ვინაიდან დღეს ხელისუფლებაზეა მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებისა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების წარმართვის კუთხით", – განაცხადა დეპუტატმა.

ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც არამხოლოდ პოლიტიკური მიმომხილველი იქნება, არამედ – კონსტიტუციის დამცველი.

მისი თქმით, ევროპული პერსპექტივის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია დეპოლარიზაციას მოითხოვს, ეს უკანასკნელი კი, ბეჟაშვილის აზრით, წარმოუდგენელია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და “მთავარი არხის” დამფუძებლის, ნიკა გვარამიას საკითხის “ობიექტური, სამართლიანი” გადაწყვეტის გარეშე.

"რაც შეეხება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, თქვენს როლსა და ინიციატივას, მათ შორის, კონსტიტუციური ბერკეტების გამოყენებას: აქაც დაგეთანხმებით და გამოვთქვამთ მზადყოფნას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილში თქვენთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შესაქმნელად. არა ისე, როგორც წარმოუდგენია ცალსახად ხელისუფლებას, არამედ როგორც წარმოუდგენია საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს და ჩვენ, ყველას ერთად. საქართველოს სჭირდება გამარჯვება, ევროპული არჩევანი და ამ საქმეში, ამ გამარჯვებაში, თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ველით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს”, მიმართა ბეჟაშვილმა ზურაბიშვილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S