იაგო ხვიჩია - მთავარი დასავლური ნაბიჯი პრეზიდენტისგან იქნება შეწყალების ეფექტურად გამოყენება იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ
31/03/2023 11:45:04 პოლიტიკა
მთავარი დასავლური ნაბიჯი პრეზიდენტისგან იქნება შეწყალების ეფექტურად გამოყენება იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს მოხსენებაში სწორი აქცენტები ჰქონდა, თუმცა მხოლოდ განცხადებების იმედად ყოფნა საკმარისი არ არის და ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისგან ქმედებებია საჭიროა.
„პრეზიდენტის გამოსვლა ხელისუფლების მისამართით უპრეცედენტოდ კრიტიკული იყო. ვფიქრობ, სიტყვის შეფასების თვალსაზრისით, ამ გამოსვლას პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ დიდი ხანია მხოლოდ სიტყვების იმედად ვართ, საჭიროა საქმე, ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისგან, როგორიც არის პრეზიდენტი. ამიტომ მოვუწოდეთ, ეფექტურად გამოიყენოს შეწყალების დისკრეცია. ჩვენს ქვეყანაში ბევრი პატიმარია, რომელიც ციხეში უკანონოდ ზის, არც ერთ ევროპულ ტრადიციებში არ ჯდება მათი ციხეში ჯდომა. კონკრეტული გადაწყვეტილებაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, რომელიც არ სრულდება. მას ვუთხარით, რომ მთავარი დასავლური ნაბიჯი მისგან იქნება შეწყალების ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენება იმ ადამიანებზე, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.


