Accentnews.ge
ენმ–ში ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ და რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ

ენმ–ში ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ და რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ

04/04/2023 08:38:14 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ სურს, აქციას დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანები შეუერთდნენ.

რიკოთთან იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, რომლებმაც განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დააკისრეს და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

„შექმნილი რეალობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კატასტროფული შეცდომაა დაშვებული სამი ეტაპიდან ერთ-ერთზე ან ყველა ეტაპზე თანაბრად, საუბარია გარემოზე ზემოქმედების დასკვნის მომზადების, საპროექტო ან სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ეტაპზე, ყველა შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რადგან დამკვეთი თავად სახელმწიფოა, შესაბამისად პასუხისმგებელი მონიტორინგზე და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. სახეზეა თანამდებობრივი გულგრილობის და დაუდევრობის კლასიკური მაგალითი, რასაც შედეგად მოჰყვება განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა. ამავდროულად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსნები იმყოფებიან ფარულ გარიგებაში სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებთან და ადგილი აქვს ინტერესთა შეუთავსებლობასა და კორუფციას. შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, როცა საკითხი ეხება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას და სავარაუდო კორუფციულ ინტერესებს, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მისი საქმიანობით დაინტერესდნენ შესაბამისი საგამოძიებო უწყებები“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, 'ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას, ჩამოვიდნენ 9 აპრილს, 17:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე".

„ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი ქარსელაძემ ამ პროექტს უწოდეს ევროპის მასშტაბით გამორჩეული პროექტი, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2023 წელს, რომელიც საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს უჯდება 3 მილიარდი ლარი. ეს არის სესხი, თუმცა ხელისუფლების გულგრილობის, დაუდევრობის, სავარაუდო კორუფციული ინტერესის გამო, ფაქტობრივად თავზე გვენგრევა ახალი ინფრასტრუქტურა, ხოლო ძველ გზაზე საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, რომ გადაადგილდეს და ჩამოვიდეს 9 აპრილს, 17:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის: საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მეწყრული უბნის შესწავლის მიზნით სპეციალისტების მიერ ფერდის კომპლექსური შესწავლა გრძელდება. როგორც მან 3 აპრილს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, შესწავლის დასრულების შემდეგ შეფასდება მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები.

30 მარტიდან დღემდე რიკოთის ნაცვლად მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით განხორციელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S