კობახიძე – უმრავლესობიდან წასული წევრების შესახებ: "არ უღირდათ ფაშისტური ბულინგის გაძლება"
04/04/2023 09:26:34 პოლიტიკა
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულ წევრებს „უბრალოდ არ უღირდათ ფაშისტური ბულინგის გაძლება“.
„რაც შეეხება დეპუტატებს, ხუთმა დეპუტატმა დატოვა პარლამენტი, გამომდინარე იქიდან , რომ მათ უბრალოდ არ უღირდათ ფაშისტური ბულინგის გაძლება. არ უღირდათ უბრალოდ, ადამიანური ამბავია. ჩვენ გვესმის ამ ყველაფრის, ისინი იყვნენ ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები, რჩებიან ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრებად, უბრალოდ მათ არ უღირდათ პარლამენტში დარჩენა ასეთი ფაშისტური ბულინგის პირობებში, რასაც ვხედავდით", – განაცხადა კობახიძემ.
უმრავლესობიდან 5 დეპუტატის წასვლის შესახებ ინფორმაცია "აგენტების" შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ გავრცელდა. მათგან, სამი ის დეპუტატია, რომელმაც ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა – ნინო იობაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი ხელაშვილია. გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრად დაინიშნა, ხოლო ირაკლი კოვზანაძე, როგორც მმართველ პარტიაში თქვეს, კერძო სექტორში აპირებს გადანაცვლებას. ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.


