Accentnews.ge
პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რატომ არ მისცა დეპუტატებს ლაზარე გრიგორიადისის საპატიმროში მონახულების უფლება

პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რატომ არ მისცა დეპუტატებს ლაზარე გრიგორიადისის საპატიმროში მონახულების უფლება

04/04/2023 10:11:36 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და მონახულება არ არის დეპუტატის უფლება, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე.

ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ენმ–ის წევრი დეპუტატის ანა წითლიძის კითხვას, რატომ არ მისცა პარლამენტის თავმჯდომარემ მას და "ლელოს" წევრ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს მარტის აქციების მონაწილის ლაზარე გრიგორიადისის საპატიმროში მონახულების უფლება.

„რაც შეეხება თქვენს მომართვას პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ თქვენ და ანა ნაცვლიშვილს, რომ ეს არ არის დეპუტატის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და მონახულება არ არის დეპუტატის უფლება, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე. არანაირი პარლამენტის წევრის უფლება არ არსებობს, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დისკრეციაც არის, ამ უფლებამოსილების დელეგირებას მოახდენს თუ რა პარლამენტის წევრზე. სხვა დროსაც მითქვამს, სამწუხაროდ, ამ უფლების გამოყენება ცდება ხოლმე იმ ზღვარს, რომელიც არის წესით განსაზღვრული.

ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა ეს კონკრეტული ბრალდებული პირი, ასევე მისი ადვოკატი შეუფერხებლად შედის შიგნით. ყველაფერი საჯაროა, არ მგონია, რომ არსებობს დამატებითი საჭიროება მონახულების ან ა.შ. მეორე მხრივ, მე ვხედავ საფრთხეს ამ საკითხის პოლიტიზირების და თქვენს გამოსვლასაც სწორედ ეს შინაარსი დასდევს თან. აქ გინდათ პოლიტიკური ასპექტი ჩადოთ და ეს არის სწორედ საფრთხე, მათ შორის მართლმსაჯულებისთვის. რაც შეეხება თავად საკითხს, ბრალდება წარდგენილია და ამის მიხედვით იმსჯელებს სასამართლო. თქვენ ამართლებთ, რომ თუკი ამის საჭიროება არის, შეიძლება ადამიანს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდო, ეს არის თქვენი დამოკიდებულება?“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭოს. სწორედ ამ უფლებით სარგებლობასა და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის მონახულებას ანა ნაცვლიშვილი და ანა წითლიძე გეგმავდნენ, თუმცა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე მათ პარლამენტის თავმჯდომარისგან თანხმობა ვერ მიიღეს.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს, შუადღისას, წარუდგინეს. მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე: გრიგორიადისი "მიზანში": ხელისუფლების მიდგომის ოთხი პრობლემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S