ბოჭორიშვილი 2012-ში საუბრობდა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქი იყო – სამადაშვილი
04/04/2023 10:25:18 პოლიტიკა
„ლელოს“ წევრის დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ახლა „ქართული ოცნების“ წევრია, 2012 წელს ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქი იყო.
„სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის განმავლობაში მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ევროკავშირში ჩვენს მისიაში. დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს აქ, ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშინდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის. სიმართლე კი არის მარტივი, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ „ქართულო ოცნებავ“ – მედროვე. ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს „ნაციონალი“ იქნება, „ქართული ოცნების“ დროს – „ოცნების“ მსახური და მათი პირიდან სიმართლე არასდროს ამოვა. ამიტომ არის დღეს, რაც აქ მოისმინეთ ტყუილი. სიმართლე არის ის, რაც გითხრათ თქვენ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა აქ, ამ დარბაზში რამდენიმე დღის წინ. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ერთი ხელით შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრებაზე და მეორე ხელით მიიღო „რუსული კანონი“, რომ ჩაეშალა ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რაც არ გაგივიდათ“, – მიმართა მმართველ პარტიას სალომე სამადაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ლაზარე გრიგორიადის და თქვა, რომ სწორედ მისმა მსგავსმა ადამიანებმა იბრძოლეს იმისთვის, რომ ქვეყანას ევროპული მომავლის შანსი საბოლოოდ არ წართმეოდა.
სამადაშვილის გამოსვალმე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთის ინტერესების გატარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არ არსებობს არც „რუსული კანონი“ და არც „რუსული ოცნება“, ოპოზიციამ კი ყველაფერს „რუსული“ დაარქვა და „ჩრდილოელი მეზობელი გაუფასურებულ იარლიყად აქცია“.
მისი თქმით, ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო ქვეყნის ევროინტეგრაცია და სინგაპურიზაცია, რასაც "წინა ხელისუფლება აცხადებდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრება ვერ მოხერხდა".


