ფოტიგა – ნატო-ს კარი ღია უნდა იყოს საქართველოსთვისაც
04/04/2023 15:02:44 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ნატო-ს კარი ღია უნდა იყოს საქართველოსთვისაც.
„დღეს ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც ალიანსის რიგით 31-ე წევრს, რაც ფინეთს გახდის უფრო უსაფრთხოს და ნატო–ს უფრო ძლიერს. სრულად თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მიზნის მისაღწევად კარი ღია უნდა იყოს როგორც შვედეთისა და უკრიანისთვის, ასევე საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინასთვისაც“, – წერს ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 2022 წლის 29 ივნისს ნატო–ს ქვეყნებმა ოფიციალურად მიეწვიეს ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და უსაფრთხოების მიზნით ნატო–ში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ალიანსში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება ნატო–ს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. შვედეთის ნატო–ში გაწევრიანებას ამ ეტაპზე თურქეთი და უნგრეთი აყოვნებენ. ბოლო პერიოდში თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა. ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს იმ პირობების შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევაში, რომლის საფუძველზე თურქეთი გასულ წელს შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერას დასთანხმდა.
დღეს ფინეთი ოფიციალურად გახდა ნატო–ს სრულუფლებიანი რიგით 31-ე წევრი სახელმწიფო. შესაბამისი ცერემონია ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თბილისის დროით 16:30 სთ–ზე გაიმართა. ფინეთი რუსეთთან 1300–კილომეტრიან საზღვარს იზიარებს. შესაბამისად, რუსეთმა ალიანსთან ახალი 1300–კილომეტრიანი საზღვარი მიიღო.


