ოპოზიციის რეაქცია მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე: "სიგნალია ივანიშვილისთვის"
05/04/2023 18:22:31 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების დასანქცირების გადაწყვეტილებას მიესალმება „ლელო“ და აცხადებს, რომ "სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ნაბიჯი საბოლოო განაჩენია საქართველოს ხელისუფლებისთვის, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის კი – სიგნალი, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში სრულად ამოიწურა ნდობის მანდატი „ქართული ოცნების“ მიმართ".
"საქართველოს პარტნიორებმა საკმარისი დრო მისცეს ხელისუფლებას, რომელმაც განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა, პოლიტიკური მართლმსაჯულების წარმოება, პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა, თავისუფალი მედიის შევიწროებადა ქვეყნის საერთაშორისო თანამეგობრობიდან ჩამოშორება, რაც საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას და ევროინტეგრაციის საბოტაჟს ემსახურებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია აგრეთვე იმისა, რომ "დეოლიგარქიზაცია" დასავლეთში აღქმულია, როგორც ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ მართული კლანებისაგან საქართველოს გათავისუფლება, რისკენაც აშშ-მ ქმედითი ნაბიჯები გადადგა. "ლელო" განაგრძობს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტთან და ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას ქართული დემოკრატიისა და ევროპული პერსპექტივის გაძლიერებისთვის საჭირო ზომების მიღების პროცესში ჩვენ სახელმწიფოს გაძლიერების და მტკიცე დემოკრატიული და ევროპული მომავლის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო კლანის დასანქცირების ინიციატივით 2021 წლის გაზაფხულზე სწორედ "ლელო საქართველოსთვის" გამოვიდა ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტის დროს”, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ აშშ–ის გადაწყვეტილება „ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოში კლანური, კორუფციული სასამართლოა“.
"ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, ამ კორუფციული და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები. ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის. იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს. ეს ეხება იმ 76 ქართველ, გარუსებულ დეპუტატს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა. მე მინდა მივმართო მათ: დაფიქრდით, სად მიჰყვებით რუს ოლიგარქს. მინდა ასევე პროკურორებს მივმართო, სუს-ის უფროს ბატონ ლილუაშვილს, შშს მინისტრს გომელაურს და მაღალი თანამდებობის პირებს, არაფერს არ ვლაპარაკობ კობახიძეზე, ღარიბაშვილზე, ვინც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ანადგურებენ, ყველას მოგეთხოვებათ პასუხი და ეს გზავნილი არის თქვენთვის. შემდეგ, რიგში ხართ თქვენ, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, 4 მოსამართლის დასანქცირება ქართველი ხალხის, ქართველი ახალგაზრდების მონაპოვარია.
„ეს კონკრეტული გზავნილი, დიახ ქართველი ხალხის მონაპოვარია. ქართველი ახალგაზრდების მონაპოვარი, რომელმაც 7-8-9 მარტს საქართველოს კონსტიტუცია, სახელმწიფოებრიობა დაიცვეს. ეს არის თქვენი მხარდაჭერა. სწორედ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ 9 აპრილს, 17:00 საათზე, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ რუსული ოცნების დემონტაჟი მივიყვანოთ ბოლომდე. ეს არის უკანასკნელი წვეთი, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ეს არის პირველი გადაწყვეტილება სანქცირებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
იგი მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის.
"ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!", - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აშშ-ის მიერ 4 მოსამართლისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება:
„ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!“.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ "აშშ–ის გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, თუ რა მასშტაბებს მიაღწია პოლიტიკურმა კორუფციამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში":
"უპრეცედენტო რამე მოხდა, ივანიშვილის რეჟიმი თავისი ანტიდასავლური, ანტიქართული პოლიტიკით ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა იქამდე, რომ დღეს მისი მსახური სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები არიან სანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან, ქართველი ხალხის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ყველაზე ძლიერი დემოკრატიის, შეერთებული შტატების მხრიდან. ეს ადასტურებს იმას, რაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც იცის, თუ რა მასშტაბებს მიაღწია პოლიტიკურმა კორუფციამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და ამასთან ერთად, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა საფრთხეა ჩვენთვის ეს რეჟიმი, იმიტომ, რომ ის გვაქცევს საერთაშორისო იზოლაციაში, თუ არ შევცვლით ამ რეჟიმს, ეს იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება და დაგვტოვებს მარტო, რუსული საფრთხის წინაშე, ისე როგორც ეს ჩვენ მოგვივიდა 90-იანებში, ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ, ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს დემოკრატიული გზით, პროდასავლური, დემოკრატიული მთავრობით".


