დიმიტრი სამხარაძე – მოსამართლეების დასანქცირების შესახებ: „აქ ომი არ იქნება!"
05/04/2023 18:39:21 პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი და მმართველი პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე აშშ–ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების გადაწყვეტილებას "უსამართლობასა და ცინიზმს" უწოდებს.
„სააკაშვილის დროს არ დასანქცირებულა არც ერთი ქართველი მოსამართლე… მეტიც, სააკაშვილს ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებენ… მხოლოდ ამიტომ არის მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა! და აქ ომი არ იქნება!!! ვერც სააკაშვილის რეჟიმი დაბრუნდება ვერასდროს!!! შესაბამისად, ვერც ამ ქვეყნის უკრაინიზაციას და ცეცხლის ალში გახვევას მოახერხებს ვერავინ!", - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქციებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.


