დეგნანი: „რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური“
06/04/2023 12:07:57 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების მოტივზე, დაასანქციროს სამი ყოფილი და ერთი მოქმედი მოსამართლე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ეხება მთლიანად სასამართლო სისტემას ან პარტიას და თქვა, რომ გამოხატული რეაქციები ზედმეტად ემოციური იყო.
ელჩმა გაიხსენა, რომ აშშ საქარველოს ხელისუფლებასთან კარგად თანამშრომლობდა სასამართლო რეფორმის ოთხ ტალღაზე და „შთამბეჭდავი პროგრესიც მიიღწა, თუმცა ბოლო წლებში პოლიტიკური ნების ნაკლებობა იყო, შინაარსიანი რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ნამდვილად გახდიდა დამოუკიდებელს სასამართლო სისტემას“.
„რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, რადგან ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს სასამართლოსთან, იუსტიციის სამინისტროსთან. წლების მანძილზე ვეხმარებით საქართველოს, გააუმჯობესოს ტექნიკური უნარები, ვმუშაობთ მოსამართლეებთან. ძალიან ბევრჯერ შევხვედრილვარ მოსამართლეებს, ისინი არიან შრომისმოყვარენი, ერთგულნი, კეთილსინდისიერნი. მათ სურთ, აღასრულონ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე და მათ ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ“,– თქვა ელჩმა „მთავარი არხის“ ეთერში და დასძინა, რომ სანქცირებული ოთხი კონკრეტული პირი ხელს უშლიდა მათ.
„ეს არ ეხება ზოგადად სასამართლო სისტემას, პარტიას, ეხება ოთხ კონკრეტულ პირს, რომლებიც კორიფციაში იყვნენ ჩართულნი და ჩვენი კანონმდებლობით, აეკრძალათ აშშ–ში შემოსვლა“.


