დეგნანი: „ვხვდებით ამ დიდ ზეწოლას, რასაც რუსეთი ახორიელებს საქართველოზე, არავინ ითხოვს ომში ჩართვას“
06/04/2023 12:49:52 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვს მეორე ფრონტის გახსნას. სახელისუფლებო გუნდის პროპაგანდისტული გზავნილია, რომ „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში.
ელჩმა კვლავ აღნიშნა, რომ პარტნიორებს ესმით საქართველოს სენსიტიური ვითარება – რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%.
„ვხვდებით ამ დიდ ზეწოლას, რასაც რუსეთი ახორიელებს საქართველოზე. გვესმის ეს ყველაფერი და არავინ სთხოვს საქართველოს ამას, არ გვსურს, რომ საქართველო, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა ჩაერთოს ომში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს ომი. პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია შეჩერება. აშშ–ს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ეს რამენაირად გავრცელდეს სადმე. როდესაც უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ იდენტობისთვის, კულტურისთვის, ეროვნულობისთვის, ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა მათ მხარი უნდა დაუჭიროს და გვესმოდეს, როგორი არსებითი და მნიშვნელოვანია ეს. თუმცა არავინ ითხოვს ან სთხოვს საქართველოს, რაიმე ისეთი გააკეთოს, რაც მისთვის მოსახერხებელი არაა. ჩვენ ვაფასებთ, რაც გააკეთა მთავრობამ უკრაინის დასახმარებლად გაეროში, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, ასევე ჰუმანიტარული დახმარება ქართველი ხალხის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აჩვენებდა საქართველოს მხარდაჭერას“,– განაცხადა ელჩმა „მთავარი არხის“ ეთერში. სინქრონული თარგმანი არხს ეკუთხვის.


