Accentnews.ge
"ვეღარ გავაგრძელებდი ამ ყველაფერთან თუნდაც ირიბ მონაწილეობას": რამიშვილის შვილი სოლიდარობას უცხადებს მამამისის მამხილებელ ქალებს

"ვეღარ გავაგრძელებდი ამ ყველაფერთან თუნდაც ირიბ მონაწილეობას": რამიშვილის შვილი სოლიდარობას უცხადებს მამამისის მამხილებელ ქალებს

06/04/2023 15:49:24 პოლიტიკა

პროპაგანდიტული მედიარესურსის "პოსტ-ტვ"-ს ხელმძღვანელის შალვა რამიშვილის ვაჟი – ლაშა რამიშვილი სოციალურ ქსელში მამის მსხვერპლი ქალების მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ თვითონაც ტკივილი, სირცხვილის გრძნობა და იმედგაცრუება აკავშირებს მამასთან.

როგორც ლაშა რამიშვილი აღნიშნავს, მამასთან არც მას და არც მის ძმებს "არც ემოციური კავშირი და არც მსოფლმხედველობრივი თანხვედრა აკავშირებთ" და შალვას "რეალურად არასოდეს შეუსრულებია მამის როლი."

ის წერს, რომ ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბოლო დროს მამის მიერ შევიწროებული ქალების ისტორიებმა გაუცოცხლა ყველა ტკივილი და გააცნობიერა, რომ "უთქმელობა არის უსამართლობა არა მარტო მისთვის, არამედ მისი ოჯახისთვის."

როგორც ახალგაზრდა ამბობს, მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო შალვა რამიშვილის მხრიდან მარტის აქციებში მონაწილეთა დაცინვა პირდაპირი ეთერიდან მაშინ, როცა თავადაც ამ აქციებში მონაწილეობდა.

"ხალხთან ურთიერთობისას ყოველთვის განვიცდიდი სირცხვილს, რომ ჩემი პიროვნება მაშინვე იმედგაცრუებას გამოიწვევდა, როცა გაიგებდნენ ვისი შვილი ვარ. მე ვარ შალვა რამიშვილის შვილი და მთელი ცხოვრება იმ პიროვნების სახელთან ვასოცირდებოდი, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო მამა, რეალურად კი არასდროს შეუსრულებია ეს როლი. რაც თავი მახსოვს, ჩვენი ოჯახი სისტემატიურად დგებოდა მძიმე კრიზისების წინაშე ამ ადამიანის გამო და დაუსრულებელი ქაოსის რეჟიმში გვამყოფებდა. ეს წნეხი დღემდე გრძელდება...

რაციონალურად მესმოდა, რომ არ უნდა მეგრძნო პასუხისმგებლობა მის მიმართ, რადგან არც ემოციური კავშირი და არც მსოფლმხედველობრივი თანხვედრა გვაკავშირებს მე და ჩემს ძმებს მასთან. მის მიერ ფორმალურად გამოხატული მზრუნველობის იმიტაცია, ჩემს ქვეცნობიერებაში რეალური მამის არსებობის იმედს აღვივებდა. ეს მოლოდინი კარგა ხნის წინ გახუნდა, მაგრამ დუმილის ინერციას ისევ ვაგრძელებდი. ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კი, ჩემი მოთმინება საბოლოოდ დაასრულა, როცა აქციაზე გულწრფელად გასულ მე და ჩემს თანატოლებს „ჩმორები“ გვიწოდა სრულიად დაუმსახურებლად და წარმოგვაჩინა პოლიტიკური ძალებისგან მართულ ბრბოდ. ამას დაემატა მისი მხილება იმ გოგოების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ღირსების შემლახველი გამოცდილება მასთან ურთიერთობისას. მე უკვე ვეღარ გავაგრძელებდი ამ ყველაფერთან, თუნდაც ირიბ მონაწილეობას, რადგან შალვას მავნებლობები ჩვენი ოჯახის გარდა დიდი ხანია სხვა ადამიანებსაც აზარალებს" - წერს ახალგაზრდა კაცი და ამბობს, რომ მამას არც დედის მიმართ ჰქონია პატივისცემა, "ის ზოგადად არ სცემს ქალს პატივს".

ის ამავე სტატუსში თანადგომას უცხადებს მარტის აქციების მონაწილეს, "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისა და პოლიციელის მანქანის დაწვაში ბრალდებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება:

"დღეს ლაზარე წარმოადგენს მთავრობისთვის იმ მარტივად გასაწირ მსხვერპლს, რომელსაც ახალგაზრდობის დასაშინებლად იყენებენ".

ის აკრიტიკებს მმართველი პარტიის პოლიტიკას და იდეოლოგიას:

"ქართული ოცნება" ყოფილი დამნაშავე რეჟიმის მტრის ხატად გამოყვანით ინარჩუნებს საარჩევნო ხმებს, რითაც ხელოვნურად აცოცხლებს ისედაც მორალურად გაკოტრებულ "ნაციონალურ მოძრაობას" და ამით ცდილობს ქვეყნის რეალური მტრიდან ჩვენი ყურადღების არიდებას. სინამდვილეში მთავრობაში მყოფ კაცებს, არც პატრიოტული მიზნები აინტერესებთ და არც გაჭირვებული ხალხის ბედი. ისინი არიან „ბასლაინებზე“ მოსიარულე, რეალობას აცდენილი ინდივიდები".

შალვა რამიშვილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ქალმა ამხილა წარსულში მათზე განხორციელებულ ზეწოლასა და სექსუალურ შევიწროებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S