ლილუაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში მარშალ ქომინსი სუს–ის გადაწყვეტილებით არ შემოუშვეს
06/04/2023 16:37:51 პოლიტიკა
საქართველოში არ შემოუშვეს ამერიკელი კრიზის-მენეჯერი, სტრატეგიული კონსულტანტი, ექსპერტი რუსეთისა და ევრაზიის საკითხების მარშალ ქომინსი. მანამდე, გასული წლის სექტემბერში ის იმყოფებოდა თბილისში და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა.
ქომინსის საქართველოში არშემოშვების შესახებ ცნობა მედიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ქომინსის საქმიანობა საქართველოში „დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებაში, მითითებების მიღებაში“:
„ვადასტურებთ, რომ ამერიკის მოქალაქე, გვარად ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე“.
სუს–ის ხელმძღვანელმა კითხვას, ქომინსი ეწეოდა თუ არა „აკერმანის მსგავს საქმიანობას“, უპასუხა:„აკერმანი აღარ არის ცოცხალი. დააყენეთ ის კაცი საფლავში. შეიძლება უარესსაც ეწეოდა. მე ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. ამერიკის საელჩო არ დაგვკავშირებია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. ალბათ, თვითონაც კარგად იციან, რატომაც არ შემოვუშვით. აკერმანი ახსენეთ და აკერმანიც რომ შემოსულიყო, ცოცხალი რომ ყოფილიყო , მასაც არ შემოვუშვებდით მას შემდეგ, ის მხილებულ იქნა იმ საქმიანობაში, რა საქმიანობითაც იყო წარმოდგენილი“.
ცნობილია, რომ 2022 წლის აპრილის დასაწყისში „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელმა პიტერ აკერმანმა ბაკურიანში შეხვდა არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. მას შემდეგ ხელისუფლება აპელირებს „ბაკურიენის გეგმაზე“, თითქოს ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობა განიხილებოდა. აკერმანი 2022 წლის 26 აპრილს გარდაიცვალა. სახელისუფლებო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ქომინსი „ახალი აკერმანია“ და რომ თითქოს მოსამართლეების სანქცირება მის არშემოშვებას უკავშირდება.
სუს-ის უფრმა თქვა, რომ აშშ–ის საელჩო ხსენებული პირის არშემოშვების თაობაზე უწყებას არ დაკავშირებია და რომ არ იცის, ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება თუ არა 5 აპრილს ქართველი მოსამართლეების სანქცირება.
„არანაირი კავშირი არ არის. ეს არის რაღაც კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რაც გვინახავს, ხშირად რასაც იმეორებს მმართველი პარტია, რაც აბნევს საზოგადოებას“,– თქვა საქართველოში აშშ–ის ელჩმა „ტვ იმედის“ ეთერში.


